აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე „თავდასხმას არ აპირებს“. ამით მან უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ვაშინგტონს აშფოთებს რუსეთის შესაძლო თავდასხმა ევროპაზე.
ტრამპმა ეს კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში მოულოდნელი ვიზიტით ჩაფრინდა. ამერიკული მედიის ცნობით, აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო მოსკოვის გაფრთხილება, არ განეხორციელებინა თავდასხმა ნატოს ალიანსზე.
„მასთან კარგი საუბრები მქონდა. ის ნატოს ტერიტორიას თავს არ დაესხმება,“ – განუცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, დათანხმდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, რომ ამას არ გააკეთებს.
როდესაც სთხოვეს, დაედასტურებინა ცნობები იმის შესახებ, რომ რეტკლიფმა რუსებს გაფრთხილება გადასცა, ტრამპმა უპასუხა: – ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს, მაგრამ ისინი თავდასხმას არ აპირებენ“.
ტრამპმა ასევე დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა რუსეთის დასჯის საჭიროებას ირანთან ვაჭრობის გამო, მას შემდეგ, რაც მისმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა კოორდინირებული ეკონომიკური შეტევა თეირანის წინააღმდეგ, თუ ის
ჰორმუზის სრუტის გახსნაზე უარს იტყვის.
– ჯერჯერობით, მიმაჩნია, რომ რუსეთი საკმაოდ კარგად იქცევა იმასთან დაკავშირებით, რაც ჰორმუზის სრუტეს ეხება, – განაცხადა მან.
radiotavisupleba ახალი ამბები