WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისის საქალაქო სასამართლომ სტუდენტ სანდრო სეხნიაშვილის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდას საპროტესტო აქციაზე სიმღერა „ოლე-ოლას“ შესრულებას ედავებოდა და მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ასამართლებდა.

მოსამართლე დავით მაკარაძემ სტუდენტი სანდრო სეხნიაშვილი 3000 ლარით დააჯარიმა.

სტუდენტის ადვოკატის, დათა ქაშიაშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება აბსურდულია, რადგან მოსამართლემ გადაწყვეტილება ისეთ ვიდეომტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო, რომლებშიც ხმა საერთოდ არ ისმის.

როგორც სეხნიაშვილის ადვოკატი, დათა ქაშიაშვილი განმარტავს, შსს-ს მიერ წარმოდგენილ მასალებში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ხმა არ ფიქსირდება, ნაწილი ვიდეოებისა კი სრულად უხმოა.

„მოსამართლემ იხელმძღვანელა ამ ვიდეოებით და დაადგინა, რომ სანდრო სეხნიაშვილი მღეროდა, რაც ჩემთვის არის სრულიად აბსურდული, იმიტომ, რომ შეუძლებელია უხმო ვიდეოთი დაადგინო, პირი მღეროდა თუ არა“, — აცხადებს ადვოკატი.

თავად სანდრო სეხნიაშვილი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებების ნაწილში ის საერთოდ არ ჩანს, ხოლო მეორე ვიდეოში, მხოლოდ მეგობარს ესაუბრება, რითაც სიმღერის ფაქტი არ დასტურდება. სტუდენტის თქმით, მისთვის სასამართლოს წინასწარ განწყობა თავიდანვე ცნობილი იყო.

„თავიდანვე როდესაც აქ მოვდიოდით, ვიცოდით, რომ განაჩენი უკვე გამოტანილი იყო და არ ველოდებოდით სამართლიან განაჩენს…“, — აცხადებს სეხნიაშვილი.

სასამართლო პროცესზე პოლიციის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ მათ მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულებაში, ვიზუალურად ნათლად ჩანდა, რომ ის სიმღერას ტუჩებს აყოლებდა ანუ მღეროდა. სანდროს ადვოკატი აცხადებდა, რომ მხოლოდ ტუჩების მოძრაობა არაფერს ნიშნავდა და იმის გასარკვევად მღეროდა თუ ვინმეს ელაპარაკებოდა, უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა.

საბოლოო ჯამში მოსამართლემ შსს-ს პოზიცია გაიზიარა.

166-ე მუხლი, რომლითაც სეხნიაშვილს ედავებოდნენ, ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3 000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. აღნიშნული მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს, რაც განიმარტება როგორც საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და საზოგადოებრივი წესრიგის ან/და მოქალაქეთა სიმშვიდის დამრღვევი სხვა ამგვარი მოქმედება.