“მე ხომ ვიცი რომ ეს პოლიტიკური მიზეზით ხდება?! საქართველოს გულისთვის ხმა ამოვიღე და კი ვზივარ ახლა სახლში,” – ამბობს ფრიდონ რობაქიძე, საქნახშირის თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს.
საქნახშირმა რეორგანიზაცია 3 თვის წინ დაიწყო. პროცესის ფარგლებში კომპანიამ 38 ადამიანი გაათავისუფლა.
ამ სტატიაში ვხსნით, რას უკავშირებენ ტყიბულელები გათავისუფლებას და რა პოზიცია აქვს კომპანიას.
რა ხდება?
გიორგი აბულაძე წლების განმავლობაში მუშაობდა მეშახტედ. 6 წლის წინ დაშავდა და მიწის ქვეშ აღარ ჩადიოდა. ბოლო პერიოდში ის საქნახშირის მიწისზედა შრომის უსაფრთხოების ექსპერტი იყო. როგორც გვიყვება, მას ცოდნისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატიც ჰქონდა, თუმცა მაინც გაათავისუფლეს, რასაც ის პარტიულ საქმიანობას უკავშირებს. გიორგისთან ერთად გაათავისუფლეს მისი ძმა და ძმის ცოლიც:
“ყველაფერი დაიწყო ჩემი პარტიაში ყოფნით. წინასაარჩევნოდ კოალიციაში “ცვლილებებისთვის” ვიყავი და მაშინ დაიწყო დაშინებები, დამუქრება, ვიღაცების გამოგზავნა.
გამოდი, რატომ ხარ მაგ პარტიაში, შენს თავზე თუ არ ფიქრობ, შენი ძმა და რძალიც ამ კომპანიაში მუშაობენ და იმათაც გაუშვებენო. ქალაქის საკრებულოს წევრი ჩვენი კომპანიის ინჟინერია და მისი დავალებით გამომგზავნეს….
ამის შემდეგ, კომპანიამ რეორგანიზაცია გამოაცხადა ნოემბრის დასაწყისში და ახლა გვითხრეს შემცირებაზე, რომელიც შეგვეხო მე, ჩემს ძმას, მის ცოლს,” – გვიყვება გიორგი აბულაძე.
“ადამიანებს სამსახურიდან გვიშვებენ რის გამო? იმიტომ, რომ აზრი გამოვთქვით საქართველოში არსებულ სიტუაციაზე,” – ამბობს კიდევ ერთი გათავისუფლებული, ფრიდონ რობაქიძე.
მისი თქმით, საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ყოველთვის წერდა სოციალურ ქსელში. სწორედ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას უკავშირებს სამსახურიდან დათხოვნას:
“მე სოხუმელი კაცი ვარ და ყველაფერი გამოვლილი მაქვს, 9 აპრილს მოვესწარი, აფხაზეთის ომში ხომ ვიყავი და ვიყავი. წლების განმავლობაში ვერ ვნახე ნორმალური ცხოვრება რომ ბედნიერად ვიყო.
დღეს რაც ხდება, ის არ მინდა. არ მინდა რუსეთი, მინდა თავისუფლება. ამას ცხოვრება ჰქვია, ადამიანი რომ შენს აზრს გამოთქვამ და ამის გამო სამსახურიდან გაგაგდებენ, ან დაგიჭერენ ან დაგაპატიმრებენ? ამას ცხოვრება და ქართველობა ჰქვია?
არჩევნებამდე მოვიდნენ საქნახშირის წარმომადგენლები და ვითომ ხუმრობით მითხრეს, არჩევნებზე რომ არ წახვიდე, არ გინდაო? ამნაირი სიტუაცია იყო და მეტი რა უნდა ვიფიქრო? მე ხომ ვიცი რომ ეს პოლიტიკური მიზეზით ხდება?! საქართველოს გულისთვის ხმა ამოვიღე და კი ვზივარ ახლა სახლში აგერ,” – აღნიშნავს ფრიდონ რობაქიძე.
ოფიციალური მიზეზი – ახალი შახტის პროექტი
საქნახშირის განცხადებით, კომპანია ევროპული სტანდარტების სრული დაცვით იწყებს მუშაობას და დაგეგმილია ახალი შახტის გახსნა.
კომპანიის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქნახშირში დასაქმებულების ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმების პროცესი წარმატებით განხორციელდა.
მათი თქმით, საწარმოს გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად, პროცესს უძღვებოდნენ პროფესორი გელა მაჩაიძე (დამუშავების ტექნოლოგიის სპეციალისტი), პროფესორი რეზო მოლოდინი (ელექტრონიკისა და ტექნიკის სპეციალისტი) და პროფესორი თემურ კუნჭულია (შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი).
“მოპოვების და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ახალი, ევროპული სტანდარტები და ტექნოლოგიები დაინერგება. ამიტომ, სპეციალისტების ცოდნის შემოწმება და გადამზადება მნიშვნელოვანია. სწორედ ევრო სტანდარტების გათვალისწინება და შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მომზადება არის მთავარი პირობა, რომლის შესრულებაზეც დამოკიდებულია ახალი პროექტების განხორციელება,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
საქნახშირში აცხადებს, რომ რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი 3 თვის წინ დაიწყო და 1 იანვარს დასრულდება. კომპანიის მტკიცებით, 350 დასაქმებულმა უკვე მიიღო ახალი კონტრაქტი და გადადიან ახალ სახელფასო სისტემაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ შემოსავალს:
“რეორგანიზაციის შედეგად 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა, თითოეულ მათგანს კომპანიამ 3-4 თვიანი გადამზადება შესთავაზა, რომელსაც საქნახშირი დააფინანსებს. პარალელურად, მიიღებენ სრულ ხელფასს, ისარგებლებენ დაზღვევით, კვების მომსახურებით. გადამზადების შემდეგ, ჩააბარებენ გამოცდას და შესთავაზებენ ახალი კონტრაქტს. ყველა, ვინც გაივლის გადამზადებას, დასაქმებული იქნება საქნახშირში”.
ამავე ინფორმაციით, 38 გათავისუფლებულიდან 20-მა ადამიანმა ხელი მოაწერა გადამზადების კონტრაქტს. დანარჩენ 18 ადამიანს საშუალება ეძლევა, ჩაერთოს გადამზადების პროგრამაში 1 იანვრამდე.
ნეტგაზეთმა კომპანიასთან დამატებით დააზუსტა გარკვეული დეტალები და გამოიკვეთა, რომ რეალურად 1 იანვარს ზემოხსენებულ 38 ადამიანს ამცირებენ ანუ სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, ისინი 20 იანვრამდე მიიღებენ კომპენსაციას რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლების გამო და შემდეგ თუ გაივლიან გადამზადებასა და ჩააბარებენ გამოცდას, მათ თავიდან აიყვანენ სამსახურში და ახალ კონტრაქტებს გაუფორმებენ.
გიორგი აბულაძის თქმით, გამოცდას, რომლის საფუძველზეც სამსახური დაკარგა, ტესტირების სახე არ ჰქონია:
“გამოცდას ეძახიან გასაუბრებას. გასაუბრებისას ნებისმიერ თემაზე შეგიძლია ჩაჭრა ადამიანი, ისეთ კითხვას დაუსვამ. მე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად ვმუშაობდი, წელიწად ნახევრის წინ ავიღე სერტიფიკატი. ეჭვქვეშ დააყენეს სახელმწიფო სერტიფიკატი რაღაც გასაუბრების გამო?” – აღნიშნავს ის.
მისივე თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტას უკვე მოაწერა ხელი.
“4-თვიანი კომპენსაციები გასცეს. თუ [მომავალში, გამოცდის ჩაბარების შემდეგ] უკან მაბრუნებდნენ, ვიმუშავებდი და ხელფასი ჩვეულებრივად მოეცათ, მაშინ რაღატომ მამცირებდნენ?”
ფრიდონ რობაქიძის თქმით, ის საერთოდ გამოცდის გარეშე დაითხოვეს:
“სამსახურის გამო არ ვნერვიულობ, სამსახური შეიძლება ყველგან ვიშოვო, მაგრამ ადამიანს რომ მიშვებ, ისიც უნდა მითხრა, რატომ მიშვებ. ბევრი გაუშვეს, ზოგს უთხრეს გამოცდებიო, ქულებიო. სულ არ მჭირდებოდა გამოცდა, იმნაირ თანამდებობაზე ვიყავი. ვერც მითხრეს პასუხი, მაგრამ სამაგიეროდ მე ვუთხარი. ხელშეკრულების შეწყვეტის დოკუმენტზეც მივუწერე, რომ პოლიტიკურია ყველაფერი.
ორი ვარიანტი შემომთავაზეს: სამი თვის კომპენსაცია – მერე ახალი შახტა გაიხსნებაო, კანდიდატი იქნები, გასაუბრება და მიგიღებენო. ახალი კი არა, ეს საწყალი ძველი შახტა, ფეხზე რომ ვერ დგას, ამისთვის ვერ მოუვლიათ, რაის ახალ შახტაზე მეუბნებიან?
მეორე ვარიანტი იყო გათავისუფლება და 4 თვის კომპენსაცია. მომეცით-მეთქი. მაგაშიც შევცდი, მაგრამ არა უშავს, არასოდეს ვყოფილვარ ფულის ღორი. უბრალოდ, გული მტკივა, სესხი მაქვს ასი ათასი და მაგის პრობლემა მაქვს, როგორ გადავიხადო.
წარმომადგენელმა მითხრა, რომ კრიზისია და ფულის დაზოგვას ცდილობენ.
ვუთხარი, ერთ თვეში ოთხი თვის კომპენსაციას თუ მაძლევ, დამაცადე ეს ოთხი თვე, ვიმუშავებ და ყოველ თვეში მომეცი ჩემი ხელფასი, მაგრამ არა, პასუხი არ აქვთ ამაზე.
მე 20 წელია შახტაზე ვმუშაობ. ბევრ პოზიციაზე გამოვიცვალე აქ.
მე გამოცდა არ მეხებოდა. ზედაპირული კომპლექსის უფროსის თანაშემწე ვიყავი, არც მოუთხოვია ვინმეს გამოცდა გაქვს, მოდიო. 4 წელი ამ პოზიციაზე ვიყავი და არანაირი მარცხი არ ყოფილა,” – ამბობს ფრიდონ რობაქიძე.
უკავშირდება თუ არა გათავისუფლება პოლიტიკას?
“რა სისულელეა. იმასაც ამბობენ, ვინც “ქართულ ოცნებას” ხმა არ მისცა, ისინი გაუშვესო. როგორ ფიქრობთ ოცდაათმა ადამიანმა არ მისცა ხმა და ისინი გაუშვეს? აბსოლუტური სისულელეა, ” – ასე უპასუხეს კომპანიის პრესსამსახურში ნეტგაზეთის კითხვას გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.
რაც შეეხება თანამშრომლების ნაწილის გამოცდას და ნაწილის არ გამოცდას, კომპანიაში განმარტავენ:
“უნივერსიტეტთან ერთად, ჩვენმა სპეციალისტებმა გასაუბრება ჩაუტარეს თანამშრომლების გარკვეულ კატეგორიას, ზოგს არ შეეხო ეს გასაუბრება და ამ პროცესის შემდეგ გამოიკვეთა რიგი თანამშრომლების გადამზადების აუცილებლობა. ზოგიერთი კადრი ისე შემცირდა, უბრალოდ.
ჩვენ ხომ ახალი შახტისთვის ვემზადებით და მაქსიმალურად ვახდენთ კადრების ოპტიმიზაციას. ვინც დღეს აქ მუშაობს, მათი ნაწილი გადამზადდება და ახალ პოზიციაზე დასაქმდება, ნაწილი მუშაობას აქ გააგრძელებს.
ჩვენ გვინდოდა გიორგი აბულაძე ჩვენთან დარჩენილიყო და ამ გადამზადების პროცესში ჩართულიყო, მაგრამ მან რატომღაც გადაწყვიტა რომ არ უნდა. არ ვიცი, ხელშეკრულება ვერ წაიკითხეს, თუ რა მოხდა. ჩვენ ავუხსენით ყველას, რომ გაცილებით კარგ და პერსპექტიულ პირობებს ვთავაზობდით, ” – განგვიცხადეს კომპანიის პრესსამსახურში.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ სურამელაშვილი ამბობს, რომ მშრომელების გათავისუფლებას პოზიტიურად ვერ შეაფასებს, თუმცა კანონი დამსაქმებელს ამის უფლებას აძლევს:
“ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას პოზიტიურად ვერ შევაფასებთ. უბრალოდ, რეორგანიზაციის ფარგლებში, კანონი რომ ამის უფლებას აძლევს, ეს არის თემა.
ამ ადამიანების დაბრუნების გასამყარებლად, დღეს კომპანიიდან მოვითხოვეთ წერილობითი დასტური, რომ თუ ეს ადმაიანები გაივლიან სწავლებას და ჩააბარებენ გამოცდებს, დაბრუნდებიან სამუშაო ადგილზე. ჯერ ეს წერილი არ მიგვიღია,” – აღნიშნავს თემურ სურამელაშვილი.
„საქნახშირის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე რამდენიმე წელია არის „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“, რომლის 70%-იანი წილის მფლობელი არის მოქალაქე გიორგი ჭელიძე, ხოლო 30 % – ალექსანდრე ჩოჩიას საკუთრებაა.