WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

საქართველოს პენცენტრი ეხმაურება რადიო თავისუფლების სტატიას ერთ-ერთი ციხის მიერ მწერალ ლაშა ბუღაძის რომანის პატიმრისათვის შეტანაზე უართან დაკავშირებით და ამას ცენზურად აფასებს.

„პენ-საქართველოს შეფასებით, ეს ლიტერატურული ნაწარმოების ცენზურის საგანგაშო შემთხვევაა, რომელიც უკავშირიდება არა მხოლოდ რომანის შინაარსს, არამედ - სრულიად აშკარად - ავტორის პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციას“, - წერია 11 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

„მხატვრული ლიტერატურის ცენზურა, როგორც გამოხატვის შეზღუდვის მცდელობა, დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - აცხადებს პენ-საქართველო.

  • მწერალ ლაშა ბუღაძის ბოლო რომანი „დამკვირვებელი“, რომელსაც „4 ოქტომბრის საქმეზე“ მსჯავრდადებულ ნანა სანდერს უგზავნიდნენ, რუსთავის ციხეში არ დაიტოვეს - იმ არგუმენტით, რომ „წიგნი პოლიტიკურია... პატიმრისთვის არ შეიძლება“.
  • თუმცა პენიტენციურ კოდექსში ჩანაწერი, რომელიც ციხეში მხატვრული ლიტერატურის შეტანას კრძალავს, არ არსებობს.
  • ლაშა ბუღაძე პირველი ქართველი ავტორია, რომლის მხატვრული ტექსტიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ შევიდა, თუმცა არაერთი ისეთი შემთხვევაა, როცა ციხის თანამშრომლები, ზემდგომებთან კონსულტაციის შემდგომ, სხვადასხვა სახის ლიტერატურის პატიმრებისთვის გადაცემაზე უარს ამბობენ.
  • რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროშიც და მის დაქვემდებარებულ უწყებაში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურშიც იკითხა, რატომ არ მივიდა რომანი "დამკვირვებელი" ადრესატამდე, რა ნიშნით ჩაითვალა ეს მხატვრული ტექსტი პოლიტიკურად და ვინ მიიღო მის შეგზავნაზე უარის გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენი კითხვები უპასუხოდ დარჩა.

რადიო თავისუფლების სტატიის გამოქვეყნების შემდეგ უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ სამართლებრივ ნაბიჯებს იწყებენ:

„ვიწყებთ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას. ვნახოთ, იწყება თუ არა ლიტერატურის ცენზურა ციხესა და სასამართლოში. ჯერ წერილობით მოვითხოვთ დასაბუთებულ უარს“, - დაწერა მან ფეისბუკზე.