ჯუანშერ ბურჭულაძის მსგავსად მისი ცოლისძმაც, ვასილ მხეიძეც პატიმრობაშია. ორივე მათგანი ფიგურირებენ კიდებ ერთ საქმეში, რომელიც შეეხება თავდაცვის სამინისტროდან 1,3 მილიონი ლარის გაფლანგვას.
„გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრის ვ.მ.-ს [ვასილ მხეიძის] კუთვნილი კომპანიების მიერ, შემდგომი რეალიზების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები“, - თქვეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე 19 სექტემბერს.
იმ დღეს დააკავეს ამ კომპანიის დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
ფინანსური პოლიციის ცნობით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქაოს ნაწარმის გამოშვებას.
გამოძების ფარგლებში ამოიღეს 2 176 341 ლარის ღირებულების 323 851 კოლოფი სიგარეტი. ასევე დანადგარები და ნედლეული.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე და მეოთხე მუხლებით - შეთანხმებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ნაწარმის გამოშვება ისჯება შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობით.
ვასილ მხეიძე ჯუანშერ ბურჭულაძეზე ადრე, 27 ივლისს დააკავეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან გიორგი ხაინდრავასთან და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფორსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან ერთად.
ღუდუშაურისა და ხაინდრავასთვის წარდგენილი ბრალია „განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა“, ხოლო ვასილ მხეიძის ბრალდება არის „გაფლანგვაში დახმარება“.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. წაყენებული ბრალით 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.