უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში - რას იტყვის ევროკავშირი | ექსკლუზივი

2 weeks ago 8

16-17 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები.

რადიო თავისუფლებამ წინსწრებით მოიპოვა დოკუმენტი - ზოგად საქმეთა საბჭოს დასკვნების სამუშაო ვერსია, რომელშიც მხოლოდ მცირედი შესწორებები შეიძლება შეიტანონ.

ამ დოკუმენტში ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეასრულოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი კრიტერიუმები - მათ შორის, წესრიგში მოიყვანოს ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხი.

რადიო თავისუფლებამ ასევე მოიპოვა ევროკომისიის რიგით მე-7 ანგარიში „უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ.

რა წერია შეჩერების მექანიზმის ანგარიშში?

ანგარიშში საქართველოს ქვეთავი ექვსი ნაწილისაგან და, ბოლოს, რეკომენდაციებისაგან შედგება.

პირველივე ნაწილში ხაზგასმულია აცდენა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან და მითითებულია, რომ საქართველოს ახლა უვიზო რეჟიმი აქვს ისეთ 25 ქვეყანასთან, რომლებსაც ევროკავშირი ვიზების ქონას ავალდებულებს.

2024 წელს საქართველოს, ანგარიშის თანახმად, „საქართველომ არ მიუღწევია პროგრესისათვის სავიზო პოლიტიკის შესაბამისობის ზრდის მიმართულებით; პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით გაიზარდა განსხვავება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან“, - წერია ანგარიშში.

ავტორების განმარტებით, „საქართველო ამტკიცებს, რომ იმის გამო, რომ მას არ აქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, სავიზო პოლიტიკის აცდენა არ წარმოადგენს რისკს ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით“.

თუმცა, კომისია, თავის მხრივ, მიუთითებს, რომ „სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ევროკავშირის მეზობელი ყველა ქვეყნისთვის და ევროკავშირის წევრობის მიზნებისთვის. შესაბამისად, კომისია ელის საქართველოდან პროგრესს სავიზო პოლიტიკის გათანაბრებაში“.

სტატისტიკა და სხვა დეტალები

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არარეგულარულად იმყოფებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, 12%-ით გაიზარდა, - 22 005 ადამიანიდან 24 595 ადამიანამდე.

8%-იანი შემცირების მიუხედავად, 2023 წელს კვლავ მაღალი იყო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. კერძოდ, თუ 2022 წელს საქართველოს 26 555-მა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში, 2023 წელს მათი რაოდენობა 24375-მდე შემცირდა.

„საზღვრის ინტეგრირებული მართვისა და მიგრაციის მენეჯმენტის“ ქვეთავში შენიშვნები თითქმის არ არის და ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაგრძელებაა ხაზგასმული.

ყველაზე მეტი კრიტიკა ჩანს იმ ქვეთავში, რომელიც ქვეყნის საგარეო ურთიერთობებსა და ფუნდამენტურ უფლებებს ეხება.

ფუნდამენტური უფლებები

დოკუმენტში დაკონკრეტებულია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს.

კერძოდ, გამოყოფილია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება მაისში და სექტემბერში - „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის [რასაც უფლებამდცველები ცენზურის კანონს უწოდებენ] მიღება.

აღნიშნულია, რომ „აგენტების კანონი“ მიიღეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან წინააღმდეგობაში.

ახალი ანგარიში ასევე ციტირებს ევროსაბჭოს 27 ივნისის დასკვნებს, რომლის თანახმადაც „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ მიღება ევროკომისიის 9 რეკომენდაციით განსაზღვრული გზიდან გადახვევას წარმოადგენს.

„ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის „ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“ მიიღეს „შეზღუდული საკონსულტაციო პროცესის შემდეგ და იგი არ შეიცავს დებულებებს ლგბტიქ პირების, ასევე, კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით“.

რა შემთხვევაში გამოიყენებს ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს?

2017 წელს ამოქმედებული უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ერთ-ერთი ის ზომაა, რასაც ევროკავშირში განიხილავენ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკისა და ანტიდემოკრატიული შემობრუნების საპასუხოდ.

ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ სჭირდება 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვნება.

ევროპარლამენტის 27 ნოემბერს მიღებული არასავალდებულო რეზოლუცია სწორედ ამ ინიციატივით გამოდის.

პირადი სანქციებისგან განსხვავებით, უვიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სრული კონსენსუსი არ სჭირდება - საამისოდ საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობაც, რაც გულისხმობს ევროკავშირის მინიმუმ 14 სახელმწიფოს, რომლებიც ჯამში ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს წარმოადგენენ.

ევროკავშირი საქართველოს შესახებ დეკემბრის შუა რიცხვებში იმსჯელებს.

როგორც საქართველოს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა 29 ნოემბერს, ამის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, მეტი ინფორმაცია გაავრცელოს ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელი კონკრეტული ზომების შესახებ.

რადიო თავისუფლებამ წინასწარ მოიპოვა დოკუმენტი, რასაც - ევროკავშირის გაფართოებაზე ევროკავშირის საბჭოს დასკვნა. საქართველოს ნაწილი კვლავ კრიტიკულია.

დოკუმენტი მხოლოდ მცირედით შეიძლება შეიცვალოს. ამ ეტაპზე, სამუშაო ვერსიაში კი აქცენტები ასეთია:

უვიზო რეჟიმზე

ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს, სასწრაფოდ შეასრულოს ვიზალიბერალიზაციის აუცილებელი კრიტერიუმები, მათ შორის ქვეყნის სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის, თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების პრობლემის მოგვარებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფის გზით.

პასუხი ევროინტეგრაციის „2028 წლამდე შეჩერებაზე“

უპირველეს ყოვლისა, საბჭო ცნობად იღებს საქართველოს მთავრობის ბოლო განცხადებას გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ და იხსენებს, რომ ევროპულმა საბჭომ ივნისში უკვე აღნიშნა, რომ მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.

ევროსაბჭოს ბოლო დასკვნების გათვალისწინებით, ევროკავშირის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ამავდროულად, საბჭო იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ, მათ შორის, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღების გამო, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციებით გათვალისწინებული გზიდან.

ამავე დროს, ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას“, ასევე, გაატარონ რეფორმები ევროინტეგრაციის პრინციპების შესაბამისად.

„თუ საქართველო შეცვლის ახლანდელ კურსს და გადაწყვეტს, რომ გამოთქმულ შეშფოთებას უპასუხოს და ძირითადი რეფორმები გაატაროს, გაწევრიანების პროცესი შეიძლება განახლდეს“.

შეკრების თავისუფლების პატივისცემა

ევროკავშირის საბჭო „ღრმად არის შეშფოთებული დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკანდახევის გამო“.

და მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალის გამოყენებისგან.

„საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების, - მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობა და პლურალიზმისა და, ასევე, ლგბტი ადამიანების უფლებების, - სრული პატივისცემა“, - წერია ანგარიშში.

საბჭოს რეკომენდაციით, უნდა შეწყდეს „დაშინება, ძალადობა და დისკრიმინაცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ“.

შეშფოთება არჩევნებით

ევროკავშირის საბჭო „სერიოზული შეშფოთებით“ ციტირებს ეუთო/ODIHR-ის წინასწარ დასკვნას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ხაზს უსვამს, რომ არჩევნები ხასიათდებოდა „არაერთი ხარვეზითა და დაძაბული და უაღრესად პოლარიზებული გარემოთი“.

საბჭო დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების პირობების გაუმჯობესების მიზნით, „მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს, გამოიძიოს და განიხილოს საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები“.

საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს „კონკრეტული ქმედებები მზარდი პოლარიზაციის დასაძლევად და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, როგორიცაა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და დეზინფორმაცია, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს პოლიტიკური დაძაბულობა“.

სასამართლო და დეოლიგარქიზაცია

ევროკავშირის საბჭო მწუხარებას გამოთქვამს სასამართლო სისტემის ფუნქციონირების უკანდახევისა და, ზოგადად, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხარისხის მზარდი გაუარესების გამო.

კვლავ საჭიროა არსებითი ძალისხმევა სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმისთვის, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

თანაბარი მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ძლიერი მიღწევების განვითარებას და დეოლიგარქიზაციას.

სრულად წაკითხვა