უზენაესი სასამრთლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა იწყება

17 hours ago 2

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 10 იანვარს დაიწყებს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის შესარჩევი კანდიდატის კონკურსისთვის განაცხადების მიღებას. კონკურსის გამოცხადების განკარგულება 2024 წლის ბოლო სამუშაო დღეს, 31 დეკემბერს გამოსცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

უზენაეს სასამართლოში ერთი მოსამართლის თანამდებობა 2025 წლის 1 სექტემბერს თავისუფლება, რადგან უვადო მოსამართლეს, ნუგზარ სხირტლაძეს უფლებამოსილება შეუწყდება საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევის გამო.

უზენაესი სასამართლოში ამ ეტაპზე 27 მოსამართლეა. ამ ინსტანციაში უკვე 26 უვადო მოსამართლეა და 26-ვე „ქართული ოცნების“ მიერ არის დანიშნული.

განაცხადის შეტანა 2025 წლის 31 იანვრამდეა შესაძლებელი. მეორე ეტაპი განაცხადების გადარჩევაა, შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს შესთავაზებს, რომლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების გამო. ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დედაქალაქის ქუჩებში არ წყდება ხალხმრავალი აქციები.

უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი ვაკანტური თანამდებობაა, უვადო მოსამართლე შალვა თადუმაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.

პარლამენტმა 2019, 2021 და 2024 წლებში უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეები რამდენიმე ეტაპად დაამტკიცა. 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, 2021 წელს - 11, 2024 წელს კი - სამი.

სრულად წაკითხვა