საქართველოში ბოლო ინსტანციის, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს სააპელაციო სასმართლოს მოქმედ მოსამართეს, დავით მამისეიშვის. მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, 14 სექტემბერს მოუსმინეს.
მამისეიშვილი ამბობს, რომ ის კარგი მოსამართლეა და აკმაყოფილებს სამ მთავარ კრიტერიუმს: კომპეტენტურობას, კეთილსინდისიერებასა და პრინციპულობას. ეს თვისებები მან ოპოზიციონერი დეპუტატის, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენილის, ვიკა ფილფანის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ჩამოთვალა.
„თქვენ ხართ ასეთი?“ - დააზუსტა დეპუტატმა.
„დიახ“ - უპასუხა მამისეიშვილმა.
კანდიდატი, რომელიც წინა ხელისულფლების დროსაც მოსამართლედ მუშაობდა, ამბობს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებდა, მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში „მართლმსაჯულება ისეთი ძლიერია, როგორიც არ ყოფილა არასდროს“.
„იქნებოდა გახმაურებული თუ გაუხამაურებელი საქმეები, ყველას თანაბრად ვუდგებოდი და ყველა საქმეზე ვიღებდი მტკიცებულებების საფუძველზე ობიექტურ და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გადაწყვეტილებას. ეს იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი და თუკი ეჭვი გამიჩნდებოდა, მიმიღია მრავალი გამამართლებელი განაჩენიც“.
საგამოძიებო უწყებებში მუშაობა მამისეიშვილმა 2002 წელს დაიწყო, 2008 წლიდან კი სასამართლო სისტემაში გადაინაცვლა: წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა დროს იყო ქედისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბათუმის საქალაქო თავმჯდომარე გახდა, 2021 წლიდან კი მუშაობას თბილისის სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს.
„2012 წელს თქვენ იყავით ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ არცერთი საქმე არჩევნებთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილეთ. დღეს იმავეს გაიმეორებდით თუ არა?“ - იკითხა სოფო ხორგუანმა, პარტია „გახარია საქართველოს“ წევრმა.
მანვე იკითხა მოსამართლეთა სანქცირებაზე და მოსამართლეს შეახსენა ის საერთო განცხადება, რომელშიც კოლეგებთან ერთად ის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობდა: „თქვენ ნანახი გქონდათ, რას ეყრდნობოდა შტატების გადაწყვეტილება მოსამართლეების დასანქციებაზე?“
„მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ბრიტანელების და ამერიკელების მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ერთმნიშვნელოვნად სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მიზნით განხორციელდა, ვინაიდან არც ერთსა და არც მეორეს ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო არ აწყობს...
დღეს ქართული სასამართლო დამოუკიდებელია როგორც არასდროს. მოსამართლეებს საქართველოში შესაბამისი გარანტიები გააჩნიათ... დღეს შეუძლებელია მოსამართლე რაიმე ნიშნით სასამართლოდან ვინმემ გაათავისუფლოს“, - თქვა პასუხად კანდიდატმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატს არ დაასრულებინა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც შეეხებოდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას: რამდენად პროპორციულია ტროტუარზე დგომისთვის ან საავტომობილო მოძრაობის ხელშეშლისთვის ჯერ ადმინისტრაციული პატიმრობა, შემდეგ კი სისხლის სამართლის დევნის დაწყება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პირველ შემთხვევაში 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული, განმეორების შემთხვევაში კი აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და 1 წლამდე პატიმრობაა მოსალოდნელი.
„მიმაჩნია, რომ პროპორციულია... მიმაჩნია, რომ როდესაც პირი ერთხელ უკვე გაფრთხილებული იყო, რომ კონკრეტული მოქმედება არის დარღვევა და ამ მოქმედების განმეორების გამო შესაძლებელია, რომ დაექვემდებაროს სისხლის სამართლებრივ დევნას...“ - თქვა დავით მამისეიშვილმა.
„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, გიგა ფარულავას დამაზუსტებელი კითხვის დასმა არჩილ გორდულაძემ შეაწყვეტინა:
„ყველანაირ დროს გადავცდით უკვე. გამოყოფილსაც, დამატებულსაც, შემდეგ დამატებულსაც. ამით დასრულებულია განხილვა ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ მათ აქვთ უფლება თავისი პოლიტიკური შეფასებები დააფიქსირონ. მაგრამ არა ამ დარბაზში“.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დავით მამისეიშვილი 6-კაციანი სიიდან შეარჩია. მისი კონკურენტებიც უვადო მოსამართლეები იყვნენ.
დავით მამისეიშვილის ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული საქმე ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა. ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის საქმეს ის კოლეგიასთან ერთად განიხილავდა.
2025 წლის 12 აგვისტოს უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს 10 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, „კრიპტოვალუტების საქმეზე“ დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა. განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2 მარტს, ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ქვეყნიდან გაიქცა.
ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ“, დაკავებული ამბობდა, რომ „იძულებით დააბრუნეს”.
ბაჩიაშვილმა საპატიმრო უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 18 თებერვალს გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით დატოვა. მაშინ პროკურატურაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მან:
- „სრულიად აღიარა ყველა დანაშაული“,
- „სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან“ და
- „აანაზღაურა ზიანი“,
- რის შემდეგაც „გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე“.
radiotavisupleba ახალი ამბები