პროკურატურის განცხადებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
მათ შორის, დააკავეს ერთი პირი, ხოლო ერთი პირის მიმართ, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ძებნა გამოცხადდა.
გამოძიების თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, 2021-2024 წლების პერიოდში, ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოთა ყალბი ბინადრობის, პირადობის, ჩაწერის და მართვის მოწმობების დამზადებასა და გასაღებას. ისინი სპეციალური პროგრამის და საბეჭდი მოწყობილობების გამოყენებით ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტაციას, რაც შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ ეგზავნებოდა შემკვეთ პირებს.
„დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებული და გასაღებული იქნა სხვადასხვა კატეგორიის ყალბი დოკუმენტაცია, ხოლო დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავალი მათ საბანკო ანგარიშებზე მობილიზდა. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად უკანონოდ მოპოვებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისა და მათი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა უკანონო შემოსავლის სახით მიღებული თანხები ხელოვნურად დაანაწევრეს და გადარიცხეს ერთმანეთის საბანკო ანგარიშებს შორის, ნაწილი თანხით განახორციელეს კონვერტირება სხვადასხვა ვალუტაში, ნაწილი კი გამოიყენეს ტოტალიზატორების ბალანსის შესავსებად. აღნიშნულით დამალეს და შენიღბეს თანხების ნამდვილი ბუნება და წარმოშობის წყარო“, — აცხადებს პროკურატურა.
ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდა პატიმრობა, ხოლო შვიდ ბრალდებულს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არსებითად შეუწყვეს ხელი დანაშაულის გახსნას, გირაო შეეფარდათ.

1 week ago
30







English (US) ·
Georgian (GE) ·