კრედიტი უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ვალდებულებას არ იღებენ მხოლოდ უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.
ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსების საკითხზე მსჯელობდნენ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც 18 დეკემბერს დაიწყო. მრავალსაათიანი მოლაპარაკება გასულ ღამით დასრულდა.
უკვე 19 დეკემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროთი უკრაინის მხარდაჭერის შესახებ. რა სქემით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ 90 მილიარდი ევრო უპროცენტო კრედიტია, რომელსაც უკრაინა გადაიხდის რუსეთისგან კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, რუსული აქტივები კი გაყინული იქნება, სანამ რუსეთი კომპენსაციას არ გადაიხდის.
ეს წერია ევროპული საბჭოს დოკუმენტშიც, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 25-ის ლიდერის მიერ. ნათქვამია ისიც, რომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის ევროკავშირის ბიუჯეტიდან უზრუნველყოფა გავლენას არ მოახდენს ჩეხეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ფინანსურ ვალდებულებებზე.
18 დეკემბერს ბრიუსელში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან ევროპული საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ილაპარაკა მწვავე პრობლემებზე, რომლებიც უკრაინას ელოდება, თუ დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ზელენსკის იმედი ჰქონდა, რომ ევროკავშირი დადებითად გადაწყვეტდა რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთს გაუყინა 210 მილიარდი ევროს აქტივები. უდიდესი ნაწილი ბელგიაში ინახება.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას დახმარება შეუწყვიტა, რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის ერთადერთი სპონსორი ევროპაა.
უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენება ევროკომისიის წინადადებაა. მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით ბელგია თანახმა არ იყო და გარანტიებს ითხოვდა. აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს სხდომაზე ვერ შეთანხმდნენ უკრაინის დასახმარებლად რუსული აქტივების გამოყენებაზე, ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ორბანმა მიიღო ის, რაც სურდა - არანაირი რეპარაციის კრედიტი, ევროკავშირის მოქმედება უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მონაწილეობის გარეშე.
რუსეთი თავისი აქტივების გამოყენების შემთხვევაში ევროკავშირს დაემუქრა საპასუხო ზომებით რუსეთში არსებული ევროპული აქტივების მიმართ.

4 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·