უკრაინა: რუსეთმა შობის დღესასწაულზე "არაჰუმანური" თავდასხმები განახორციელა

11 hours ago 2

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ოთხშაბათს, შობის დღის „არაჰუმანური“ თავდასხმისას, უკრაინის ენერგო სისტემას და ზოგიერთ ქალაქს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით და ასევე, დრონებით დაარტყა.

ომის მესამე წლის მიწურულს, დარტყმების შედეგად ხარკივის რეგიონში სულ ცოტა ექვსი ადამიანი დაიჭრა, დნიპროპეტროვსკის რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, განაცხადეს ამ რეგიონების გუბერნატორებმა.

ხარკივის რეგიონში ნახევარი მილიონი ადამიანი გათბობის გარეშე დარჩა, როცა იქ ტემპერატურა ნულს, სულ რამდენიმე გრადუსით აღემატება. კიევში და სხვა ადგილებში ელექტროენერგიაც გაითიშა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ განახორციელა „მასობრივი დარტყმა“, როგორც თვითონ აღნიშნა, კრიტიკულ ენერგოობიექტებზე, რომლებიც მხარს უჭერს კიევის „სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს“.

უკრაინის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ანტისაჰაერო თავდაცვამ ღამის განმავლობაში და ოთხშაბათ დილით, 59 რუსული რაკეტა და 54 დრონი ჩამოაგდო.

უკრაინელები ქრისტეშობას ოთხშაბათს ახალი, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისგან განსხვავებული კალენდრით მეორედ აღნიშნავდნენ, რაც რუსული გავლენისგან გათავისუფლების მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

უკრაინელთა უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც 2018 წელს დაარსდა, 2023 წელს დათანხმდა უარი ეთქვა ტრადიციულ იულიუსის კალენდარზე, რომლის მიხედვითაც რუსეთში შობას 7 იანვარს აღნიშნავენ.

სრულად წაკითხვა