WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

24 სექტემბერს უკრაინაზე რუსეთის საჰაერო შეტევისას უპილოტო საფრენი აპარატები აღმოჩნდნენ უკრაინასთან მოსაზღვრე მოლდოვის და რუმინეთის ტერიტორიებზეც. ეს პირველი შემთხვევა არ არის.

მოლდოვა

24 სექტემბერს დილით მოლდოვის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო სივრცე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყო დახურული ქვეყნის ტერიტორიაზე ოთხი დრონის შეღწევის გამო.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარკვეული დროის შემდეგ უპილოტო საფრენმა აპარატებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დატოვეს, ერთი კი დასახლებული პუნქტის, ჩერნიცის მახლობლად ფერმასთან, სიმინდის ყანაში ჩამოვარდა. პოლიციის ცნობით, არავინ დაშავებულა.

რუმინეთი

24 სექტემბერს დრონმა შეაღწია რუმინეთის საჰაერო სივრცეშიც, რის გამოც ინციდენტის რაიონში გაგზავნეს ნატოს ძალების ორი გამანადგურებელი.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით ოთხ წუთს იმყოფებოდა და შემდეგ სუჩავის რაიონში, ტყეში ჩამოვარდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ რაიონის ოთხ სკოლაში სასწავლო პროცესი შეაჩერა.

რუმინეთს და მოლდოვას დრონების წარმომავლობის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.

მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეებში დრონები ადრეც არაერთხელ შეიჭრნენ.

  • 2026 წლის აგვისტოში მოლდოვამ მოსკოვიდან კონსულტაციისთვის ელჩი გაიწვია მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და აფეთქდა.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები დრონების მარშრუტებად არ იყენებენ უკრაინასთან მოსაზღვრე ქვეყნების ტერიტორიებს.
  • 2026 წლის მაისში დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში შეეჯახა მრავალბინიან სახლს. დაშავდა ორი ადამიანი.
  • ივლისში ნატოს მონიტორინგის მისიის თვითმფრინავებმა პირველად ჩამოაგდეს რუმინეთის ტერიტორიაზე შეჭრილი დრონი.

არის შემთხვევებიც, როცა სხვა სახელმწიფოების, მათ შორის ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეებში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეაღწიეს. კიევში განაცხადეს, რომ ეს დრონები კურსს ასცდნენ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად.