ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილს და საგარეო უწყების მაღალჩინოსნებს, რომლებიც ქართულ რესტორანში „უბანში“ მივიდნენ.
„არ გრცხვენიათ?!“ – ისმოდა ემიგრანტების შეძახილები.
მაკა ბოჭორიშვილი რესტორანში ემიგრანტების შეძახილების ფონზე შევიდა. ბოჭორიშვილს თან ახლდა თავის მოადგილე ლაშა დარსალია, გაეროში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე და საგარეო სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის არჩილ ყარაულაშვილი.
თავდაპირველად არსებული ინფორმაციით, იმავე რესტორანში კობახიძეც უნდა მისულიყო, თუმცა პროტესტის დაანონსების პარალელურად, როგორც ჩანს, მან მისვლა გადაიფიქრა.
ემიგრანტებმა არჩილ ყარაულაშვილს მათთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევაზე ჰკითხეს. ერთ-ერთ ემიგრანტს, რომელიც ყარაულაშვილს ეუბნებოდა, რომ უცხოეთში იმიტომ არიან, რომ „ლუკმა-პური მიაწოდონ“ ოჯახებს, საგარეო უწყების მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ „საქართველოშიც არის სამუშაო ადგილები“.
netgazeti