ევროკავშირის საელჩო საქართველოში ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და პროექტ „კრეატიული კომპასი საქართველოს“ ფარგლებში გორში დაგეგმილი ფესტივალის, „კამარას“ გადადების ფაქტს ეხმაურება.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის საელჩო სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ორგანიზატორებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო მათ მიერ დაფინანსებული ღონისძიების გადადება მოუწიათ.
განცხადებაში ხაზგასმულია ევროკავშირისა და საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა კულტურის სფეროში. როგორც ტექსტშია აღნიშნული, ევროკავშირი სამი ათწლეულია აქტიურად ეხმარება საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, მხარს უჭერს შემოქმედებით ინდუსტრიებს და ქართველ ხელოვანებსა თუ კულტურულ ორგანიზაციებს ევროპელ კოლეგებთან აკავშირებს.
სახელისუფლებო შეტევის ფონზე, გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი Kordz-ის კონცერტი გაუქმდა. ინფორმაცია თავად მუსიკოსმა და ფესტივალ „კამარას“ ორგანიზატორებმა გაავრცელეს.
„მეგობრებო, იცით, რომ გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი ჩემი კონცერტი სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო. მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, „ოცნების“ წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!“ — ნათქვამია ალექსანდრე კორძაიას (Kordz) განცხადებაში.
კორძის კონცერტი დაგეგმილი იყო „კამარა“ ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც დანიის კულტურის ინსტიტუტი, „შემოქმედებითი კომპასი საქართველო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი (2023–2027) პროექტის ფარგლებში, ატარებს და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა ფესტივალი“ დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო. მადლობას გიხდით ღონისძიების მიმართ გამოჩენილი დიდი ინტერესისთვის“, — განაცხადა დანიის კულტურის ინსტიტუტმა.
ალექსანდრე კორძაიამ კიდევ ერთ პოსტში დაწერა, რომ ორგანიზატორებისგან მეტ მხარდაჭერას ელოდა.
„გორის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ღონისძიების დარბაზს „გაბრაზებული ხალხით“ დაემუქრა, თუ ჩემს წარმოდგენას არ გააუქმებდნენ. ეს მოხდა სამთავრობო მედიისა და პარლამენტის მხრიდან ერთკვირიანი შეუფერებელი თავდასხმების შემდეგ.
ღონისძიების სპონსორები (ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი) ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში უპასუხოდ დატოვება ნორმალურია. მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არ არის. მმართველი პარტიის მიერ ჩემი კონცერტების გაუქმება ახალი სიმდაბლეა, ორგანიზატორების მხრიდან მცირედი მხარდაჭერა კარგი იქნებოდა“, — წერს მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (kordz).
კონცერტის ჩაშლას წინ უძღოდა სახელისუფლებო აქტორებისა და მედიის კამპანია და შეკითხვები ევროკავშირის ელჩის მიმართ, „იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფაზე“.
„ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების, ან გაემიჯნება ამ ქცევას“, — თქვა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება“ Kordz-ს ერჩის საპროტესტო სიმღერა „ოლე ოლას” მუსიკალური გაფორმების გამო.
netgazeti