რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკზე რაკეტებით და უპილოტო აპარატებით შეტევის შემდეგ, 12 აგვისტოს დღის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და უსაფრთხოების სამსახურმა ოპერაციის წინასწარი შედეგები გამოაცხადეს.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დარტყმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს ოთხ სამხედრო გემს. ეს გემებია: ფრეგატები „ადმირალი მაკაროვი“ და „ადმირალი ესენი“, მცირე სარაკეტო გემი „ბუიან-მ“ და საყარაულო გემი „ვასილი ბიკოვი“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, გემების გარდა დაარტყეს რადიოლოკაციურ სადგურს, ნოვოროსიისკის პორტის მეორე პირსზე განთავსებულ მობილურ საცეცხლე ჯგუფს, ტერმინალ „შესხარისის“ ნავთობის ბაზა „გრუშოვის“ გვირაბის ტერმინალს და სამი ნავმისადგომის ინფრასტრუქტურას.
სხვა წყაროებით ეს მონაცემები გადამოწმებული არ არის, თუმცა არაერთი დამოუკიდებელი წყაროთი დადასტურებულია, რომ 12 აგვისტოს ნოვოროსიისკზე შეტევის შედეგად ხანძრები გაჩნდა სამხედრო გემების მისადგომებისა და ნავთობტერმინალის რაიონებში.
რუსეთს ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს. კრასნოდარის მხარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინფორმაცია გაავრცელა მხოლოდ სახლების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანების შესახებ.
radiotavisupleba ახალი ამბები