კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, უკრაინულმა დრონებმა სოჭსა და ფედერალურ ტერიტორია "სირიუსს" შეუტიეს, ამის შესახებ უწყებამ 4 სექტემბრის დილით განაცხადა.
შტაბის ცნობით, დრონის ნამსხვრევებს „სხვადასხვა მისამართებზე“ პოულობენ. ჩამსხვრეულია რამდენიმე შენობის ფანჯრის მინები, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ადგილობრივი ხელისუფლება ზარალის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. მონიტორინგის არხები იუწყებიან, რომ თავდასხმის ობიექტი იყო "ლუკოილის" ნავთობბაზაც; თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს კვამლი ქალაქის თავზე.
რუსული ტელეგრამარხის Astra-ს ცნობით, დარტყმების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღავრთან, მდინარე ფსოუს სიახლოვეს დასახლებულ პუნქტ სირიუსუან ხანძარი გაჩნდა. გამოცემის ცნობით, იქ განთავსებულია С-300 ან С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა. არხი იუწყება ორ ნავთობსაცავზე იერიშის შესახებ: სირიუსის ტერიტორიაზე არსებულ "Лукойл-Югнефтепродукт"-სა და ადლერი-სოჭის რაიონში მდებარე "Роснефть-Кубаннефтепродукт"-ზე.
სირიუსი - პირველი ფედერალური ტერიტორია რუსეთში, რომელიც პუტინის პატრონაჟით 2020 წელს შეიქმნა იმერეთის დაბლობის ადლერის რაიონიდან გამოყოფით. „სირიუსის“ ტერიტორია შემოსაზღვრულია მდინარეებით ფსოუ და მზიმთა, ასევე ჩრდილოეთიდან უროჟაინაიასა და კასპიისკაიას ქუჩებით.
უკრაინული ტელეგრამარხები Exilenova+ და Supernova+ იტყობინებიან, ალდერში ნავთობბაზაზე დარტყმისა და გაჩენილი ხანძრის შესახებ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში სხვადასხვა სამიზნეზე საჰაერო დარტყმები ხორციელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა თავდასხმების უმეტესობა და განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები „სისტემატურად ახორციელებენ ზომებს, რომლებიც მიმართულია რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო პოტენციალის შემცირებასა და რუსეთის ფედერაციის იძულებისკენ, შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“.
radiotavisupleba ახალი ამბები