უკრაინასთან და მოლდოვასთან EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების I გაიხსნა

6 hours ago 3

უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი თავი (კლასტერი) გაიხსნა.

მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნას გამოეხმაურნენ უკრიანის და მოლდოვის პრეზიდენტები.

„ის, რაც დღეს ხდება – უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები პირველი კლასტერის გახსნა – მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ ამ მომენტამდე მისასვლელად. გასული წლების განმავლობაში უკრაინამ და მოლდოვამ ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს.

განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ დღეს კიშინოვიდან მიგმართავთ, საფრანგეთში, დიდი შვიდეულის (G7) სამიტზე მიმავალი გზიდან. მოლდოვასთან ჩვენი მეზობლობა მტკიცეა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, ევროკავშირისკენ ერთად მივიწევთ წინ და იქ ერთად მივალთ“, –  განაცხადადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით,  მისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება აღარ არის შორეული მიზანი, არამედ რეალობაა.

„დღეს მოლდოვის რესპუბლიკამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპულ გზაზე: ჩვენ გავხსენით მოლაპარაკებები თავების პირველ ჯგუფზე -„ფუნდამენტური ღირებულებები“.

ევროპული კანონმდებლობის ეს თავები ეხება იმ საკითხებს, რომლებსაც ხალხისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს: სამართლიან მართლმსაჯულებას, მოქალაქეების ინტერესებზე მომუშავე ინსტიტუტებს, კორუფციასთან ბრძოლას, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემასა და სახელმწიფოს, რომელიც ყველას თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს.

აქამდე მოვედით ჩვენი ერთობლივი შრომისა და იმ ადამიანების ძალისხმევის წყალობით, რომლებსაც სწამთ მოლდოვის რესპუბლიკის ევროპული მომავლის. ჩვენი ქვეყანა წინ მიიწევს, წინსვლის გზა კი კვლავაც მოითხოვს შეუპოვრობას. თუმცა დღეს თავდაჯერებულობის კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს: მოლდოვის რესპუბლიკის გაწევრიანება ევროკავშირში აღარ არის შორეული მიზანი, არამედ რეალობაა, რომელსაც უკვე ვაშენებთ“, – განაცხადა მაია სანდუმ.

ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით. მოლაპარაკების თავები გადანაწილებულია 6 თემატურ კლასტერში. ყველაზე რთულად მიიჩნევა პირველი კლასტერი საფუძვლების შესახებ (fundametals), რომელიც პირველ რიგში იხსნება და ბოლოს იხურება.

უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. მათთან  ერთად განაცხადი გააკეთა საქართველომაც, რომელსაც უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, წევრობის კანდიდატის სტატუსი პირობებით მისცეს. თუმცა დემოკრატიული უკუსვლის გამო, ამჟამად საქართველოს გაწევრიანების პროცესიში შეჩერებულია.

სრულად წაკითხვა