სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობამ ეს ინფორმაცია სოციალური ქსელებით 18 სექტემბერს, დღის 12 საათისთვის გაავრცელა. სპეცოპერაციების ძალების წინასწარი მონაცემებით, ქარხნის მუშაობა შეჩერებულია.
სარდლობა ხაზს უსვამს, რომ ვოლგოგრადის ქარხანა, რომელიც წელიწადში 15,7 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს, რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში მონაწილეობს.
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში აფეთქებები შუაღამის შემდეგ დაიწყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასირებულ შეტევას იგერიებდნენ. დროებით დახურეს ვოლგოგრადის აეროპორტი.
დილის ცხრის ნახევრისთვის ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „მასირებული შეტევა მოგერიებულია“ და დრონების ნამსხვრევებმა ორი კერძო სახლი დააზიანეს ვოლგოგრადის კრასნოარმეისკის რაიონში. ქალაქის ამ რაიონში მდებარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც, თუმცა მის შესახებ გუბერნატორს არაფერი უთქვამს.
კომპანია „ლუკოილის“ ამ ქარხანაზე უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ მიიტანეს დრონებით შეტევა, მათ შორის 2025 წლის აგვისტოშიც.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
მხოლოდ 2025 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში იერიში მიიტანეს რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.