WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინაში დაადასტურეს დრონებით და რაკეტებით შეტევა რუსეთის ქალაქ სარატოვში, ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Ozon-ის საწყობებზე და ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე ქიმიურ საწარმოზე.

ინფორმაცია ამ ობიექტებზე დარტყმის შესახებ 11 სექტემბერს დღისით სოციალური ქსელებით გაავრცელა უკრაინულმა კომპანია Fire Point-მა, რომელიც დრონებს და რაკეტებს აწარმოებს.

ვოლგოგრადი

კომპანია Fire Point-ის თანახმად, გასულ ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა რაკეტებით „ფლამინგო” დაარტყეს ქიმიურ საწარმო „ვოლგოგრადპრომპროექტს”, სადაც ხანძარი გაჩნდა.

ეს საწარმო აშშ-ის მიერაა სანქცირებული, როგორც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილი.

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა 11 სექტემბერს დილით განაცხადა, რომ უკრაინის სარაკეტო შეტევის შედეგად ქალაქ ვოლგოგრადში დაზიანდა მრავალბინიანი სახლი, სადაც ორი ადამიანი დაშავდა და „დაფიქსირებულია ნამსხვრევების ჩამოცვენა სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე“.

ბოჩაროვს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.

სარატოვი

ათიდან თერთმეტი სექტემბრის ღამით აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ სარატოვში.

11 სექტემბერს დილით, ონლაინ-გაყიდვების კომპანია Ozon-ის პრესსამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ დრონებით შეტევა იყო სარატოვში მდებარე ლოგისტიკის ცენტრზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. ობიექტმა მუშაობა შეაჩერა.

უკრაინულმა კომპანია Fire Point-მა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა სარატოვში Ozon-ის საწყობების კომპლექსი გაანადგურეს კომპანიის მიერ წარმოებული დრონებით FP-1.

Fire Point-ის თანახმად, განადგურებული საწყობების ფართობი 85 000მ²-ია.

  • უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეტევებს უწოდებს ომის გადატანას იქ, საიდანაც ეს ომი მოვიდა.
  • რუსეთი ამ დარტყმებს „ტერორისტულ შეტევად" განიხილავს.