რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს ხუთი უკრაინელი - ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცი, - ეს ბრალდება გამოთქვა უკრაინის ადამიანის უფლებათა დამცველმა.
ეს რუსეთის ჯარის წინააღმდეგ გამოთქმული ომის დანაშაულში ბოლო ბრალდებაა.
ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს ხუთი შეუიარაღებელი ჯარისკაცი უშუალო სიახლოვიდან მას შემდეგ, რაც ისინი დანებდნენ. მას დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ Telegram-ზე განაცხადა, რომ უკრაინულმა სამხედრო ნაწილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია სავარაუდო დახვრეტა.
"მე ვაცნობებ ამ ფაქტს გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს", - განაცხადა მან.
"რუსი სამხედრო დამნაშავეები, რომლებმაც დახვრიტეს უკრაინელი სამხედრო ტყვეები, უნდა წარდგნენ საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე და დაისაჯონ კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელით“, - დასძინა ლუბინეცმა.
რუსეთს ბრალდებაზე დაუყოვნებლივი კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ მანამდე უარყო ომის დანაშაულების ჩადენა. ლუბინეცმა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, დაფიქსირდა რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის 177 დადასტურებული შემთხვევა.
ომის შესწავლის ინსტიტუტმა ოქტომბერში განაცხადა, რომ დააფიქსირა რუსული ძალების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის შემთხვევების ზრდა და დასძინა, რომ „რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, უშვებენ, წაახალისებენ ან პირდაპირ გასცემენ უკრაინელი ტყვეების სიკვდილით დასჯის ბრძანებას“. უკრაინული პროექტი, რომელიც ღია წყაროებს იკვლევს, 13 ოქტომბერს იტყობინებოდა, რომ 10 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა ცხრა უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს კურსკის რაიონის სოფელ ზელენი შლიახთან.
ლუბინეცმა დაგმო სიკვდილით დასჯის ეს შემთხვევები, როგორც სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციის სერიოზული დარღვევა და განაცხადა, რომ მან გაუგზავნა წერილები გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ამ საქმესთან დაკავშირებით.