უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ეჭვმიტანილადაა გამოცხადებული ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი სემენ კრივონოსი.
- თავად კრავჩენკოს დაწერილი აქვს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რომელიც ოფიციალურად დაკმაყოფილებული არ არის და 14 სექტემბრის მდგომარეობით, გენერალურ პროკურორად რჩება.
- კრავჩენკომ გენერალური პროკურორის პოსტიდან წასვლის „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ 7 სექტემბერს მიიღო მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით დააკავეს გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი სერჰი კროპივა. საქმე ეხება თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობას
14 სექტემბერს დილით კრავჩენკომ სოციალური ქსელებით ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ კრივონოსი ეჭვმიტანილია ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაში და მას გადადგომისკენ მოუწოდებს.
პრეზიდენტ ზელენსკის რეაქცია
რუსლან კრავჩენკოს ვიდეომიმართვას სწრაფად გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „ამ გენერალურ პროკურორს მხოლოდ ერთი გზა აქვს - თანამდებობიდან დათხოვნა“.
ზელენსკის თანახმად, თუ კრავჩენკო ამას პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს, შეუძლია, ასე დაუძახოს.
უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი გენერალური პროკურორის თანამდებობიდან კრავჩენკოს გათავისუფლებას.
radiotavisupleba ახალი ამბები