უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები 15 ივნისს გაიხსნება

2 hours ago 2

ევროკავშირში დღეს საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების პირველი კონფერენციები 15 ივნისს, ლუქსემბურგში ჩატარდება და გაიხსნება პირველი, ფუნდამენტური საკითხების კლასტერი.

ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით. მოლაპარაკების თავები 6 თემატურ ბლოკშია. ყველაზე რთულად მიიჩნევა პირველი კლასტერი საფუძვლების შესახებ (fundametals), რომელიც პირველ რიგში იხსნება და ბოლოს იხურება.

„კვიპროსის თავმჯდომარეობა ამაყობს, რომ ხელი შეუწყო ამ ისტორიულ მომენტს. როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ ამ შედეგის მისაღწევად. ეს არის გარდამტეხი ეტაპი და იმ მისწრაფებების, მედეგობისა და თავდაუზოგავი შრომის აღიარება, რომელიც გამოიჩინა ამ ორმა კანდიდატმა ქვეყანამ, რომლებმაც აირჩიეს ევროპა და მისი ღირებულებები“, — განაცხადა კვიპროსმა, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა წევრი სახელმწიფო დასთანხმდა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას. ამ დრომდე საკითხს უნგრეთი ბლოკავდა.

„დღეს ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ. გაფართოება სტრატეგიული არჩევანია. ჩვენი ერების დაახლოებით, ჩვენ ვაძლიერებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას მთელ ჩვენს კონტინენტზე. მზარდი გაურკვევლობით აღსავსე სამყაროში, უფრო ფართო ევროპული კავშირი ჩვენს საერთო ინტერესებშია. გაფართოება ევროკავშირის ერთ-ერთ უდიდეს წარმატებად და ჩვენს საუკეთესო ინვესტიციად რჩება ჩვენს საერთო მომავალში“, — ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ანტონიუ კოშტას განცხადებაში.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიესალმა გადაწყვეტილებას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნასთან დაკავშირებით და თქვა, რომ კიშინიოვი მზადაა, ყველა ყველა კლასტერის გასახსნელად.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის და ეხმარება ეროვნული ინტერესების დაცვაში, ასევე, პარტნიორებს ევროკავშირში.

„უკრაინა იცავს საკუთარ თავს და ამით იცავს მთელ ევროპას — იდეას, რომ ევროპულ ერებს შეუძლიათ იცხოვრონ ერთიანად, თავისუფლად და მშვიდობიანად. როგორც ვამბობდით, უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირიც ასრულებს თავის სიტყვას. პირველი კლასტერის გახსნა ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა“, — დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მიულოცა მოლდოვასაც, რომელთან ერთადაც მოიაზრება გაფართოების ჯგუფში.

ერთ დროს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ასოცირებული ტრიოს ფორმატში მოიაზრებოდა საქართველოც, თუმცა მისი ევროინტეგრაციის პროცესი დემოკრატიული უკუსვლის გამო შეჩერებულია.

სრულად წაკითხვა