უკრაინის პარლამენტში, ვერხოვნა რადაში 7 ან 8 ივლისს იგეგმებოდა რიგგარეშე სხდომა, რომელზეც პრეზიდენტ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ ხმათა უმრავლესობით გეგმავდა პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალისა და მისი მთავრობის წევრების დათხოვნას და ახალი შემადგენლობის დამტკიცებას, თუმცა „ეს არ გამოვიდა და იმპულსი ცოტა დაიკარგა“. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელმა გამოცემას უთხრა, რომ კენჭისყრა 15 ივლისისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომების კვირაში გაიმართება.
როგორც უკრაინული გამოცემა წერს, კენჭისყრის გადადების უპირველესი მიზეზი ის არის, რომ „ხალხის მსახურის“ დეპუტატების ნაწილი საზღვარგარეთაა და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმი ვერ შედგებოდა.
„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, კენჭისყრის გადადების მიზეზია უკრაინის აღდგენის საკითხებზე დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციაც, რომელიც 10-11 ივლისს რომში უნდა გაიმართოს და მანამდე მმართველ პარტიას პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების შეცვლის ფორსირება არ სურს.
გამოცემა კიდევ ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ ზოგიერთი სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატურები ჯერ შერჩეული არ არის.
დენის შმიჰალი უკრაინის პრემიერ-მინისტრია 2020 წლის მარტიდან.
მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება იულია სვირიდენკო, რომელიც 2021 წლის ნოემბრიდან პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრია. სვირიდენკოთი შმიჰალის შესაძლო შეცვლაზე უკრაინული მედია ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში წერდა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, სვირიდენკოს 100%-ით ლოიალურად და „თავისიანად" მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი. მთავრობაში გადასვლამდე სვირიდენკო ერმაკის მოადგილე იყო.