უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან ითხოვს ანტიბალისტიკური რაკეტებით დროულად დახმარებას

1 hour ago 2

უკრაინის პრეზიდენტი განაგრძობს პარტნიორი ქვეყნების დარწმუნებას ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდების გადაუდებელ საჭიროებაში:

“ჩვენ გვესმის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების რამდენი რაკეტაა მსოფლიოში. ისინი ყოველდღეა საჭირო უკრაინაში - ჩვენ ყოველდღე გვიწევს თავის დაცვა რუსეთის დარტყმებისგან. თუკი თითოეული ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ახლა დაგვეხმარება, ეს ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 აგვისტოს ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან სატელეფონო საუბრისას. ინფორმაციას ამ საუბრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტი აქვეყნებს.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რამდენად მნიშვნელოვანია ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება:

„როცა პუტინს აღარ შეეძლება ადამიანების დახოცვა, ის იძულებული იქნება ამ ომიდან გამოსავალი ეძებოს. მხოლოდ უკრაინის ეფექტიან მხარდაჭერასა და რუსეთზე ზეწოლას შეუძლია მშვიდობის მოტანა“.

მოგვიანებით ფინეთის პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე დაწერა:

"უკრაინას სჭირდება ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება. ვიმსჯელეთ აგრეთვე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართულებით მოვლენათა განვითარებაზე. რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა დიდი ხანია გამოხატავს მზადყოფნას ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. გავაგრძელებთ მუშაობას მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად".

ოთხშაბათსვე პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაურეკა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტეს, რომელთან საუბრის მთავარი საკითხიც იყო გადამტაცი რაკეტებით უკრაინის უზრუნველყოფა, რომ მან ეფექტიანად მოახერხოს რუსეთისგან თავის დაცვა. რუსეთის მასირებულ თავდასხმებზე საუბრისას მან აღნიშნა:

„მნიშვნელოვანია ყველა ბიუროკრატიული წინაღობის მოხსნა და აუცილებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. პირდაპირი გაგებით, ყოველდღე უკრაინაში ადამიანების სიცოცხლე დამოკიდებულია ევროპასა და აშშ-ში ჩვენი პარტნიორების პრინციპულობაზე“.

5 აგვისტოს ზელენსკიმ კიევში უმასპინძლა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრ ვეს სტრიტინგს, რომელიც პირველად ეწვია უკრაინას ოფიციალური ვიზიტით. ზელენსკიმ სტრიტინგს მადლობა გადაუხადა ვიზიტისა და "უზარმაზარი მხარდაჭერისთვის", რომელსაც გაერთიანებული სამეფო უწევს უკრაინას. სტრიტინგმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა პატივისცემა და ერთსულოვანი მხარდაჭერა:

„მოხარული ვარ, რომ თქვენ იყავით ჩვენი პრემიერმინისტრის პირველი სტუმარი. ვფიქრობ, ამ დამოკიდებულებას იზიარებენ არა მხოლოდ ბრიტანეთის მთავრობაში, არამედ თემთა პალატის ყველა პარტიაში და მთელ ქვეყანაში. ვიცი, რომ ბრიტანეთში თქვენი ვიზიტების დროს გრძნობდით, რამდენად ღრმაა მხარდაჭერა პირადად თქვენი ლიდერობისა და თქვენი ხალხისადმი“.

უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანელ მინისტრთანაც ილაპარაკა რუსეთის თავდასხმებისგან თავდაცვაში დახმარების საჭიროებაზე:

„გასულ ღამეს მომხდარი არის მორიგი სიგნალი, რომ ზამთრამდე გვჭირდება ერთიანობა და ძლიერი მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისა და სხვა ევროპელი მეგობრებისგან. ეს არის სიგნალი, რომელსაც რუსეთი გვიგზავნის ჩვენ და მსოფლიოს, რომ მას არ სურს გაჩერება. ვფიქრობ, ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით მათ სურთ გაგრძელება და შემდგომი ესკალაცია“.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ზამთრამდე გეგმავს ბალისტიკური რაკეტების წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას და რომ უკრაინას აქვს როგორც პარტნიორების, აგრეთვე საკუთარი შესაძლებლობების განვითარების იმედი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გარკვეული ტიპის იარაღის ერთობლივი წარმოების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის იმ საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც ბალისტიკურ იარაღს აწარმოებენ.

ამავე დღეს კიევს სტუმრობდა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე, რომელმაც სამძიმარი გამოუცხადა უკრაინელებს და განაცხადა, რომ ლატვია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ყველა დონეზე, გააფართოვებს სამხედრო თანამშრომლობას, მათ შორის "დრონების შეთანხმების" ფარგლებში.

ოთხშაბათს, პრეზიდენტ ზელენსკის თავმჯდომარეობით, გაიმართა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილეს უკრაინის ოლქებისა და კიევის მედეგობის გეგმები.

საბჭოს სხდომაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2026 წლის განმავლობაში უკრაინამ მიიღო თითქმის სამჯერ ნაკლები ანტიბალისტიკური რაკეტები პარტნიორებისგან, ვიდრე წინა პერიოდში, რაც მნიშვნელოვნად განაპირობა ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებამ.

საბჭოს მდივანმა იჰორ კლიმენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავაც ცდილობს გაანადგუროს უკრაინის ენერგოსისტემა, რომ ქვეყანა წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოს:

"გრძელდება დარტყმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. გასულ ღამეს კიევსა და კიევის ოლქზე თავდასხმა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და სამოქალაქო ობიექტების განადგურება ადასტურებს აგრესორის ზრახვებს. შემოდგომიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორი გაძლიერდება".

სრულად წაკითხვა