უკრაინის უმაღლესი რადას 258-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა მთავრობის მეთაურის, იულია სვირიდენკოსა და მისი მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომას.
BBC-ის უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, ოთხშაბათს უმაღლეს რადაში შესაძლოა ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარადგინონ, კენჭისყრა კი მომდევნო დღეს გაიმართოს. ერთ-ერთ ფავორიტად „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელი, სერჰი კორეცკი სახელდება.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ზელენსკის გუნდიდან წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სვირიდენკო, 14 ივლისის მდგომარეობით, არ დათანხმებულა გათავისუფლების შემდეგ აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობის დაკავებას. გამოცემის წყაროებმა დააზუსტეს, რომ სვირიდენკოს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მოსალოდნელი გადადგომის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ივლისს განაცხადა — ეს ავტომატურად იწვევს მინისტრთა მთელი კაბინეტის გადადგომას. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სვირიდენკოს შესთავაზეს „ახალი, მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობა საკვანძო პარტნიორთან ურთიერთობებში“.
ამის შემდეგ უკრაინულმა მედიამ, წყაროებზე დაყრდნობით, გამოთქვა ვარაუდი, რომ საუბარი იყო სწორედ აშშ-ში ელჩის პოსტზე. 12 ივლისს სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინამ“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ში უკრაინის მოქმედი ელჩი, ოლგა სტეფანიშინა, თანამდებობიდან საკუთარი ინიციატივით წასვლას გეგმავს.
იულია სვირიდენკო მთავრობას თითქმის ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა — პარლამენტმა მის დანიშვნას მხარი 2025 წლის 17 ივლისს დაუჭირა. ოფიციალური ცნობები, თუ ვინ იქნება პრემიერობის მომავალი კანდიდატი, ჯერ არ გავრცელებულა.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·