„უკუსვლა აქვს ევროკავშირს“ - პაპუაშვილის პასუხი ბრიუსელს, რომელიც საქართველოს რეგრესზე საუბრობს

4 hours ago 4

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშილი, რომელიც ამავდროულად არის სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, აკრიტიკებს ევროკავშირს საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული დასკვნის გამო.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვილმა გამოიყენა სწორედ ის სიტყვები, რომელიც საქართველოს შესახებ კრიტიკულ დასკვნაში ეწერა და ბრიუსელი დაადანაშაულა „ღირებულებით უკუსვლაში“.

„​ბიუროკორატია, რომელიც გაიჟღინთა ფარული პოლიტიკური დღის წესრიგით, ქედმაღლური დამოკიდებულებითა და უპატივცემულობით ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბრმა მორჩილებას არ ავლენს, ცდილობს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას და სახელმწიფოს მართვის სუვერენული უფლებით სარგებლობას.

ამის კარგი მაგალითია ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილი გაფართოების ანგარიში საქართველოზე, სად ორგანულად ერწყმის ერთმანეთს გაცვეთილი პოლიტიკური ბრალდებები, სიცრუე, მტრული რიტორიკა და გამიზნული მავნებლობა. ეს არის ბრიუსელის კაბინეტიდან დანახული საქართველო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალურ საქართველოსთან...

გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, მსგავსი უსამართლო, მიკერძოებული, ანტიდემოკრატიული, ქვეყნის პოლარიზაციისკენ მიდრეკილი და დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგად თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს, 4 ნოემბერს გასაჯაროვდა ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშის შინაარსი, რომელშიც ასახულია „სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო“.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველო ერთადერთია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის, რომელსაც რეგრესი - და მნიშვნელოვანი რეგრესი - აქვს ევროკავშირის წევრობის გზაზე.

„ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, - თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება... ახლა მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა“, - თქვა მან.

რომელ ქვეყანას როგორ აფასებენ

უკრაინა: „უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობა ან მასში გაწევრიანება შეიძლება იყოს უსაფრთხოების მთავარი გარანტია. არცერთ კანდიდატ ქვეყანას ომის დროს არასდროს განუხორციელებია ასეთი ფართომასშტაბიანი რეფორმები. ეს აჩვენებს უკრაინის შესანიშნავ ერთგულებას წევრობისადმი“.

მოლდოვა: „ოქტომბერში მოლდოვაში ჩატარებულმა არჩევნებმა ევროპული მომავლისადმი ცალსახა „დიახ“ აჩვენა და ქვეყანამ განაგრძო ძირითადი რეფორმების განხორციელება“.

სერბეთსა და კოსოვოში: ორივე ქვეყანაში „იყო პოლიტიკური კრიზისი, რამაც პროგრესი შეაფერხა“.

ბოსნია და ჰერცეგოვინა: „რესპუბლიკა სრპსკაში განვითარებულმა მოვლენებმა შეარყია პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ... სასამართლოს რეფორმები და მთავარი მომლაპარაკებლის დანიშვნა საკვანძოა წინსვლისთვის“.

ჩრდილოეთი მაკედონია: „ქვეყანას ჯერ არ განუხორციელებია საჭირო კონსტიტუციური ცვლილებები“.

თურქეთი: „თურქეთი კვლავ რჩება საკვანძო პარტნიორად, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესის რამდენიმე საკითხი, თუმცა დემოკრატიული სტანდარტების, სასამართლო დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური უფლებების გაუარესებამ 2018 წლიდან ფაქტობრივად გაყინა გაფართოების პროცესი“.

საქართველო: „ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, თუ პირობები მკვეთრად არ შეიცვლება. ის ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა“.

სრულად წაკითხვა