WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ულტრამემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დამაჯერებლად გაიმარჯვა გერმანიის აღმოსავლეთით მდებარე საქსონია-ანჰალტის მხარეში, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

სამხარეო არჩევნებში პარტიამ ხმების 43.8% მიიღო, ხოლო ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ – 17.2%. ამ მონაცემებით, AfD 83-ადგილიან რეგიონულ პარლამენტში 39 მანდატს იღებს, უმრავლესობისთვის 42 მანდატია საჭირო.

BBC-ის ცნობით, იმის გამო, რომ პარტიას უმრავლესობისთვის საჭირო ადგილები არ ჰყოფნის, ულრიხ ზიგმუნდი ჯერჯერობით უარს ამბობს უმცირესობის მთავრობის მართვაზე, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ფედერალური ხელმძღვანელობა ამას შესაძლებლობად განიხილავს.

„საჭიროების შემთხვევაში ახალი არჩევნები ჩატარდება და მერე 50 ან 55%-ს ავიღებთ,“ – თქვა ზიგმუნდმა, თუმცა დასძინა, რომ მზადაა ცალკეულ დეპუტატებთან ან რომელიმე პარტიასთან თანამშრომლობისთვის.

AfD-მა შეიძლება ითანამშრომლოს ზარა ვაგენკნეხტის მემარცხენე პოპულისტურ კავშირთან, რომელმაც 5 მანდატი მოიპოვა და შესაძლოა, ზიგმუნდს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს. სხვა პარტიები AfD-სთან კოალიციაში შესვლაზე უარს ამბობენ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის არცერთ მხარეს ულტრამემარჯვენე პარტია არ აკონტროლებდა. სამხარეო დონეზე მართვა ნიშნავს ძალაუფლებას ადგილობრივ პოლიციაზე, განათლებასა და კულტურაზე.

„ჩვენ ამ მხარეში ისტორია შევქმენით. ეს მხოლოდ საქსონია-ანჰალტს არ ეხება. ეს არის სიგნალი მთელი გერმანიისთვის – თავდაჯერებული სიგნალი“, — განაცხადა AfD-ის ლიდერმა საქსონია-ანჰალტის მხარეში ულრიხ ზიგმუნდმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გააზიარა გერმანული ტელევიზიის პროგნოზის სკრინშოტი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა გააზიარა ტრამპის პოსტი და შეაქო „პრაგმატული AfD-ის ისტორიული გამარჯვება“. BBC-ის თანახმად, მანამდე დმიტრიევმა რუსეთისადმი კეთილგანწყობილ AfD-ს უწოდა „იმედისა და გონიერების, თანამშრომლობის, სიმართლისა და გერმანიის მომავლის პარტია“. გასულ წელს გერმანიის ფედერალურ არჩევნებამდე, AfD-ის საჯაროდ დაუჭირა მხარი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კი თქვა, რომ „პოლონეთში AfD-ის ტრიუმფით მხოლოდ იდიოტებსა და მოღალატეებს შეუძლიათ გაიხარონ“.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) არის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია, რომელიც 2013 წელს დაარსდა და გერმანიაში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. AfD გამოირჩევა ევროსკეპტიკური, ნაციონალისტური, ისლამოფობიური და პრორუსული პოზიციებით. მიუხედავად იმისა, რომ AfD ოფიციალურად ემიჯნება ნაციზმს, პარტიას ხშირად ადანაშაულებენ ნაცისტურ სენტიმენტებში. AfD-ის ერთ-ერთი ლიდერ ბიორნ ჰოკეს მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომა აკრძალული ნაცისტური სლოგანების გამოყენებისთვის და 13 000 ევროთი დაჯარიმდა.

ნიშანდობლივია, რომ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD)“ წევრი შტეფან კეუტერი 2019 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნებზე დამკვირვებლად“ იმყოფებოდა. ის ამავდროულად „ყირიმის მეგობართა ლიგის“ წევრია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ გერმანიის წარმომადგენლები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლით დაარღვევდნენ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობას.

„ეს გახლავთ ულტრამემარჯვენე პარტია, იმყოფებიან რუსული გავლენის ქვეშ, რასაც ისიც მოწმობს, რომ დაფინანსება მათი ვიზიტისა აფხაზეთის რეგიონში განხორციელდა რუსული მხარის მიერ“, — თქვა 2019 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ალტერნატივას გერმანიისთვის“ რუსული გავლენის პარტიას აღარ უწოდებს და მას „პატრიოტულ ძალად“ აფასებს.

„გერმანიაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით. გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ანუ ეკონომიკის შემცირება. ეს ყველაფერი ბუნებრივია აისახება მოსახლეობის განწყობაზე. ყველა ხედავს, რომ მთავრობას არ აქვს რესურსი სწორად მართოს პროცესები, მათ არ აქვთ საკმარისი სუვერენიტეტიც ამისათვის. ეს ყველაფერი აისახება ამომრჩევლის განწყობაზე და შესაბამისად, არჩევნების შედეგებზე. ამის გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიციურმა პარტიამ მოიპოვა გამარჯვება ერთ-ერთ ფედერაციულ სუბიექტში. დანარჩენზე დასკვნები თავად უნდა გამოიტანონ, ჩვენ ვერ ჩავერევით გერმანელი ხალხის არჩევანში, ზედმეტ კომენტარებსაც მოვერიდებით ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ ხაზი უნდა გაესვას იმ ტენდენციებს, რომლებიც ფიქსირდება გერმანიაში და რისი გამოხატულებაც არის ოპოზიციის ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს გერმანიის რეგიონული არჩევნების შედეგების კომენტირებისას.