WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთში ქაოსისა და სისასტიკის გასული პერიოდების დროს, როგორიც იყო სტალინის დიდი ტერორი, ძირითადად არსებობდა განცდა, რომ ქვეყანა სადღაც მიემართებოდა, რომ რაოდენ გაუმართლებელიც არ უნდა ყოფილიყო მიზნის მისაღწევი საშუალებები, ეს ტანჯვა რაღაც მიზანს ემსახურებოდა. მაგრამ რეპრესიებს, რომლებსაც რუსები დღეს განიცდიან, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: იმ სახელმწიფოს გახანგრძლივება, რომელიც ამ რეპრესიებს ახორციელებს.

ავტორი: ნინა ხრუშჩოვა, საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი, ნიკიტა ხრუშჩოვის შვილთაშვილი

25 სექტემბერს, მოსკოვის სასამართლომ პოლიტიკური ანალიტიკოსი ალექსანდრე კინევი წინასწარ პატიმრობაში გაგზავნა “ნარკოტიკების ფართომასშტაბიანი უკანონო წარმოების, გაყიდვისა და ტრეფიკინგის” ბრალდებით, რამაც იგი შეიძლება 10-დან 20 წლამდე ციხეში გაუშვას. თუმცა კინევის უკანონო ნარკოტიკებთან კავშირის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ გასაჯაროებულა.

ალექსანდრე კინევი

როგორც რეგიონული პოლიტიკური პროცესებისა და საარჩევნო სისტემების წამყვანი ექსპერტი, კინევი დიდი ხანია საუბრობს რუსეთში არჩევნების გაყალბებაზე, თუმცა ის ღიად უჭერს მხარს პარტიას „ახალი ხალხი“, რომელიც 2020 წელს შეიქმნა, როგორც კრემლის მიერ მხარდაჭერილი ერთგვარი პროექტი, რათა შთაენთქა „საპროტესტო ხმები“, განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან. იგი მანამდე მუშაობდა ხმების მონიტორინგის დამოუკიდებელ ორგანიზაციაში „გოლოსი“, რომელიც „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადდა და გასულ წელს კრემლის ზეწოლის შედეგად დაიხურა.

გასულ თვეში, კინევმა, რომელიც თავადაც „უცხოეთის აგენტად“ არის მიჩნეული, საჯაროდ გააკრიტიკა დუმის არჩევნები, სადაც მმართველმა პარტიამ „ერთიანი რუსეთი“ 450 ადგილიდან უპრეცედენტო და უკიდურესად საეჭვო — 349 ადგილი მოიპოვა. რამდენიმე დღის შემდეგ ის დააკავეს და გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრობაში იმდენად სასტიკად სცემეს, რომ წვივის ძვლის მოტეხილობით ციხის საავადმყოფოში მოხვდა.

კრემლის კრიტიკოსის შეთითხნილი ბრალდებებით დაკავება ახალი არ არის. მაგრამ კინევი რეჟიმის ტიპური მტერი არ არის: მისი ანალიზი დიდი ხანია საზოგადოებრივი განწყობის აღიარებულ ბარომეტრს წარმოადგენდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ამ დაკავებამ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის საკვანძო თანამდებობის პირებიც კი გააკვირვა. მათთვის კინევი იყო კრიტიკოსი, მაგრამ სასარგებლო ექსპერტი, რომელსაც შეეძლო მათთვის ეჩვენებინა, თუ რა ხდება სინამდვილეში ტვერში ან ტომსკში. მისი გაჩუმება თერმომეტრის დამსხვრევის ტოლფასია მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი სიცხე დისკომფორტს იწვევს.

რუსი აპარატჩიკების მთავარი საქმე დიდი ხანია ისაა, რომ პუტინი იზოლირებული ამყოფონ ყველაფრისგან, რაც მის დონეზე დაბლა ითვლება. მას სურს იფიქროს ნატო-ზე, უკრაინასა და თავის ადგილზე ისტორიაში, და არა გზის ორმოებზე, რეგიონულ ბიუჯეტებსა და პროვინციულ არჩევნებზე. ბიუროკრატები კი ამ მოთხოვნას მისი საამებელი ყალბი რეალობის შექმნით ასრულებენ. შედეგი არის პოლიტიკა „სინჯარაში“ (in vitro), სადაც პუტინი ფაქტობრივად შუშის ქილიდან ხელმძღვანელობს: იქ რუსეთი უკრაინის ომის ირგვლივ არის გაერთიანებული, ეკონომიკამ სანქციები მარტივად გადაიტანა, ხოლო ყველა არჩევნები ხელახლა ადასტურებს სტატუს კვოს მხარდაჭერას.

თუმცა, შუშის ქილის მიღმა ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. ზრდა უკიდურესად შენელდა, ბიზნესს უჭირს მოგების მიღება, ხოლო სესხის აღების ხარჯები მაღალია. სოციალური ხარჯები სულ უფრო მეტად შთაინთქმება ახალი კონტრაქტორი ჯარისკაცების ბონუსებითა და დაღუპულთა ოჯახებისთვის განკუთვნილი კომპენსაციებით. რეგიონულ ბიუჯეტებში ხვრელები იზრდება. საბჭოთა ეპოქის მილები და ელექტროსადგურები ინგრევა.

ნინა ხრუშჩოვა

შეუძლებელია ზუსტად იცოდე, თუ რეალური სამყაროდან რა ინფორმაციამ (თუ საერთოდ რამემ) მიაღწია პუტინამდე. ცნობილია ის, რომ პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც რეალობა ოდესღაც კრემლს გადაეცემოდა, ჩახშობილი ან დემონტაჟებულია. არჩევნები ფარსად იქცა. სასამართლოებმა დაკარგეს დამოუკიდებლობის ყოველგვარი ნიშანწყალი. დამოუკიდებელ მედიას პირი ამოუკერეს. ერთ დროს შეწყნარებულ კრიტიკოსებსაც კი აპატიმრებენ და სცემენ.

1930-იან წლებთან შედარება უკვე აღარ ჟღერს გადაჭარბებულად. თაბაშირში ჩასმული ანალიტიკოსი, არჩევნების გაკრიტიკებიდან რამდენიმე დღეში, სასტიკი უსაფრთხოების სახელმწიფოს ნახელავია. საკითხავი ის არის, შეძლებს თუ არა, ან საერთოდ თუ შეუძლია ვინმეს, მისი შეკავება.

რუსული ტერორის წარსული პერიოდები, რაც არ უნდა სასტიკი ყოფილიყო ისინი, საბოლოოდ მკაცრად მუხრუჭდებოდა. XVI საუკუნეში, ივანე მრისხანემ თავის ოპრიჩნინას (კერძო არმიას) შვიდი წლის განმავლობაში ქვეყნის აოხრების უფლება მისცა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ამით ბევრს ვერაფერს აღწევდა, გააუქმა ის და მისი ბევრი ლიდერი სიკვდილით დასაჯა. სტალინმა დიდი ტერორი მისი დაწყებიდან ორ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ შეაჩერა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (NKVD) ხელმძღვანელი ნიკოლაი ეჟოვი გადააყენა (რომელიც მოგვიანებით სტალინისავე ბრძანებით დახვრიტეს).

ეს არ ყოფილა გულმოწყალების აქტები: ლიდერები ხვდებოდნენ, რომ უკონტროლო ტერორი საბოლოოდ საკუთარი მმართველების შეჭმას იწყებს. მაგრამ, თავისი შუშის ქილიდან, პუტინი ამას ვერ ხედავს. არც იმ სახელმწიფო აპარატის სრულად გაკონტროლება შეუძლია, რომელიც ამ ტერორს ახორციელებს. ივანეს ოპრიჩნიკები სახელმწიფოს ინსტრუმენტი იყვნენ; დღეს თავად სახელმწიფო იქცევა ოპრიჩნინასავით.

ასეთი სისტემა თავისით არ იშლება. პირიქით, ის იყენებს ყველა რესურსსა და შესაძლებლობას საკუთარი თავის გასაძლიერებლად. როგორც სტალინის დროს, საუკეთესო ინჟინრები და ყველაზე დეფიციტური მასალები ახლა უკრაინაში ომის ძალისხმევას ხმარდება, ხოლო მეცნიერება ძირითადად იქ გადარჩება, სადაც ის ფრონტს ემსახურება. უცხოური კომპანიებიც იხდიან ფასს: მათ, ვისაც რუსეთის დატოვება სურთ, აქტივები დიდი ფასდაკლებით უნდა გაყიდონ და სახელმწიფო ბიუჯეტში „ნებაყოფლობითი შენატანი“ შეიტანონ; სხვები „დროებითი მართვის“ ქვეშ ექცევიან, რათა მათი ჩუმად გაძარცვა მოხერხდეს.

ბოლო თვეებში იუსტიციის სამინისტრომ მოაწყო ონლაინ გამოფენა სახელწოდებით „რუსეთის სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა: ისტორია და აწმყო“. ქრონოლოგია იწყება “სმუტით”, ანუ არეულობის ხანით (1598–1613), როდესაც რუსეთმა განიცადა მემკვიდრეობის ძალადობრივი კრიზისი, სადაც უამრავი უზურპატორი და თვითმარქვია, მათ შორის პოლონელი დამპყრობლები, ცდილობდნენ მეფის ტიტულის მოპოვებას. დღევანდელი რუსეთისთვის ეს არის უმთავრესი გაფრთხილება: გაყოფილი ელიტა პლუს უცხოური ჩარევა უდრის კატასტროფას. რეპრესიები სწორედ ამ შედეგის თავიდან აცილებას ემსახურება.

და მაინც, მღელვარე „სმუტამ“ საბოლოოდ გზა დაუთმო ახალ დინასტიას და რომანოვების სამსაუკუნოვან მმართველობას, რომლის დროსაც რუსეთი თანდათანობით დასავლეთისკენ შემობრუნდა. დღეს, როდესაც რუსეთის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, ის გამორიცხავს მსგავს განახლებას, რადგან ხელს უწყობს იმ შესაძლებლობების თანდათანობით ეროზიას, რომლებსაც დინამიზმის მოტანა შეეძლო. მაგალითად, სახელმწიფო ახალგაზრდებს პროფესიული განათლებისკენ უბიძგებს, ნაცვლად ისეთი განათლებისა, რომელიც მათ მაღალტექნოლოგიურ სფეროებში წარმატებისთვის მოამზადებდა. ეს არ არის ქვეყანა, რომელიც მომავლისთვის ემზადება. როგორც ჩრდილოეთ კორეამ აჩვენა, სკლეროზულ სახელმწიფოს შეუძლია ათწლეულების განმავლობაში იარსებოს.

რუსეთს გამოუცდია შეჭრები, რევოლუციები და შიდა ქაოსი. მას ჰყავდა დაუნდობელი ლიდერები, რომლებიც მკაცრ რეპრესიებს მიმართავდნენ და ძალაუფლებას ებღაუჭებოდნენ. მაგრამ ძირითადად არსებობდა განცდა, რომ რუსეთი სადღაც მიემართებოდა, რომ სისასტიკე, რაოდენ გაუმართლებელიც არ უნდა ყოფილიყო, რაღაც მიზანს ემსახურებოდა. სტალინის ტერორმაც კი მოიტანა ქარხნები, კაშხლები და მომავლის ხედვა. ამ თვალსაზრისით, დღევანდელი ტერორი უნიკალურია რუსეთის ისტორიაში: მისი ერთადერთი მიზანი იმ სახელმწიფოს გახანგრძლივებაა, რომელიც მას ახორციელებს.


ავტორის შესახებ: ნინა ხრუშჩოვა წერს PS-ისთვის 1997 წლიდან. ის არის ახალი სკოლის“ (The New School) საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, არის წიგნის “პუტინის ნაკვალევზე: იმპერიის სულის ძიება რუსეთის თერთმეტ სასაათო სარტყელში” თანაავტორი.

სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.

რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ასახავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.


მთავარ ფოტოზე ასახულია იმ საკნის რეპლიკა, რომელშიც ალექსეი ნავალნი ცხოვრობდა. სიკვდილამდე.