უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში ირლანდიას 4 ლელო გაუტანეს, მეტოქეს მხოლოდ 7 ქულის სხვაობით ჩამორჩნენ და 2 საცხრილო ქულა აიღეს - 28:35.
იტალიის ქალაქ კალვიზანოში გამართულ შეხვედრაში ორივე გუნდმა შეცდომები მრავლად დაუშვა, თუმცა ამით მეტოქემ უკეთ ისარგებლა. საქართველომ 4 ლელო გაიტანა და ერთი ამდენის გატანის შანსი კიდევ ქონდა, მაგრამ ტექნიკურმა წუნმა და ჯარიმებმა ამის შესაძლებლობა არ მოგვცა. ლადო კილასონიას შეგირდებს არ წაუვიდათ ხელდახელ თამაში, დაგვაღალატა დისციპლინამ და ამან სასურველი შედეგის მიღების შესაძლებლობა არ მოგვცა.
თამაში რომ დაიწყო პირველივე ბურთი ვერ ავიღეთ, ირლანდიამ მაღალ ტემპში შემოგვიტია და პირველსავე წუთზე ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა. საწყის 15 წუთში პრაქტიკულად უბურთოდ დავრჩით და მე-9 წუთზე მოწინააღმდეგემ ჯარიმით უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა.
მე-16 წუთზე შესატევი პლაცდარმი პირველად მივიღეთ, დერეფნიდან აგორებული მოლის შემდეგ 22-ის ხაზთან გაგი მარგველაშვილმა შეუტია, შემდეგ ჯერზე მიხეილ შიოშვილმა კიდევ უფრო მძლავრი დარტყმით დაახლოებით 15 მეტრი იარა და 5-მეტრიანს უწია, იქ წარმოქმნილი რაქიდან კი ოვალი კვლავ მარგველაშვილმა მიიღო და თავისივე დაწყებული შეტევა ლელოთი დაასრულა. ლუკა თაყაიშვილმა გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.
ტაიმის შუაში მეტოქის მგეზავმა, რომელიც თამაშში ფეხით შესანიშნავად ირჯებოდა 50|22-ზე გაახერხა, ახლა მოლი ირლანდიამ აგვიგორა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. 29-ე წუთზე ირლანდიელთა 22-ის მისადგომებთან გიორგი სპანდერაშვილმა ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, დაულაგებელ დაცვაში 3 მბოჭავი აისხლიტა და ლელო გაიტანა, თაყაიშვილმა კი გარდასახა. თამაში რომ განახლდა დავჯარიმდით, ტომ ვუდმა ამჯერადაც კარი ირჩია და გასატანი პოზიციიდან დარტყმა უნაკლოდ შეასრულა.
ტაიმის დასკვნით 5 წუთში დასარტყმელ პოზიციაში ორჯერ გამოვიმუშავეთ ჯარიმა, მაგრამ ლელოზე თამაში ვირჩიეთ და კონტაქტისას ბურთი წინ დაგვივარდა. ზედ შესვენების წინ ვუდმა კარის წინ 25 მეტრიდან ჯარიმა კარს ააცილა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ - 14:18.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო - ჩვენს შეცდომას მეტოქის სწრაფი შეტევა და ლელო მოყვა. პასუხის გაცემა მალევე შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენი იერიში მეტოქის 5-მეტრიანთან კვლავ ტექნიკური წუნის გამო ჩაიშალა. საპასუხოდ ირლანდიელებიც შეცდნენ და 5-მეტრიანთან შერკინების უფლება მოვიპოვეთ, მეტოქე დაჯარიმდა, სპანდერაშვილმა ბურთი სწრაფად გაათამაშა და თავისი მეორე ლელო გაიტანა, თაყაიშვილმა კი გარდასახვით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა.
სამწუხაროდ, გატანილ ლელოს კვლავ შეცდომა და ირლანდიელთა გარდასახული ლელო მოყვა. 58-ე წუთზე დათა ახვლედიანის გარღვევის შემდეგ გიგი სირბილაძე ლელოს აუცილებლად გაიტანდა, მაგრამ ბურთი ვერ შეიმაგრა, მერე კი ირლანდიამ კარგი, სწრაფი შეტევით მორიგი ლელო გაგვიტანა. დასკვნითმა წუთებმა საქართველოს შეტევებით ჩაიარა, ირლანდია თავს დიდხანს იცავდა, თუმცა გაწითლებულ დროზე ქართველთა მოლს ვერაფერი მოუხერხა და შოთა ხელაძემ ჩვენი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა, რითაც გუნდს 1 საცხრილო ქულა მოუპოვა. თაყაიშვილმა გარდასახვით სხვაობა 7 ქულამდე დაიყვანა და ჩვენს მონაგარს კიდევ ერთი ქულა შესძინა - 28:35.
უმცროსი ბორჯღალოსნები მომდევნო შეხვედრას 4 ივლისს, ჩვენი დროით 20 საათზე ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავენ.