უნგრეთი ვეტოს დაადებს „ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირების ინიციატივას - საგარეო მინისტრი სიიარტო

1 week ago 5

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო ინიციატივას „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის სანქციების დაწესების თაობაზე.

10 დეკემბერს ბუდაპეშტში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პიტერ სიიარტომ განაცხადა:

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით საქართველოს თანამდებობის პირების სახელების დამატებას სანქციების ნებისმიერ სიაში. თუკი ასეთი შეთავაზება გაჩნდება, უნგრეთი მას დაბლოკას. ეს ნამდვილად ასე იქნება“.

მის ამ განცხადებას უნგრეთის მთავრობის პრეს-სპიკერი საერთაშორისო საკითხებზე, ზოლტან კოვაჩსი ავრცელებს პლატფორმა X-ზე.

წინა დღით, 9 დეკემბერს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები „საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან“.

მან ისაუბრა პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე, რასაც ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება და თქვა, რომ იმედოვნებს, წევრ ქვეყნებს დემონსტრანტების მიმართ გამოვლენილ „სისასტიკეზე თვალის დახუჭვა გაუჭირდებათ“.

ელჩმა ჰერჩინსკიმ ასევე თქვა, რომ ეს საკითხები მომდევნო კვირაში გადაწყდება.

საგარეო მინისტრმა სიიარტომ 10 დეკემბერს ბრიფინგზე ასევე შეაქო „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნების შედეგებისათვის და უწოდა მას „პატრიოტული, კონსერვატიული მთავრობა“. მან გააკრიტიკა „ლიბერალური მეინსტრიმის მოსალოდნელი პასუხი“ არჩევნების შედეგების მიმართ და განაცხადა, რომ „ოპოზიციას რომ გაემარჯვა, ბრიუსელი ტაშს დაუკრავდა დემოკრატიას“.

მან ასევე დაგმო ევროპარლამენტის ბოლო, 28 ნოემბრის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებას.

სრულად წაკითხვა