უნგრელ ჟურნალისტს საქართველო „ნებაყოფლობით“ დაატოვებინეს - მას გაძევება ემუქრებოდა

1 hour ago 2

7 აგვისტოს დაგომიდან რამდენიმე საათში უნგრელ ჟურნალისტსა და აქტივისტს, 26 წლის ლასლო რობერტ მეზეშს საქართველო დაატოვებინეს. ის მიგრაციის პოლიციამ 5 აგვისტოს დააკავა - თუკი ის თავად არ დატოვებდა ქვეყანას, გააძევებდნენ.

ლასლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიგრაციის პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს. უნგრელმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა რეგისტრაციის გავლამდე მეგობრებთან დამშვიდობება შეძლო.

ლასლო რობერტ მეზეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს 5 აგვისტოს, 18:30 საათისთვის დააკავეს. მისმა ადვოკატმა და მეგობარამ თორნიკე ჯანელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის ქვეყნის „ნებაყოფლობით“ დატოვებას დათანხმდა, რადგან 48 საათის შემდეგ მართულ სასამართლოზე მისი გაძევების საკითხზე იმსჯელებდნენ.

„აღნიშნული პიროვნება საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები“, - უთხრეს 5 აგვისტოს რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესსამსახურში.

შსს-ში ამბობენ, რომ „მიმდინარეობს პირის დაკავების პროცედურა“ - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

რა წერია ამ მუხლში

ამ კანონის 64-ე მუხლი ეხება „საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლებს“.

კანონის თანახმად, „საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება“ დააკავონ და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანონ.

64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსი კი ის არის, რომ „საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება“ დააკავონ, „თუ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე“.

კიდევ რა წერია კანონში

ამავე კანონის თანახმად, უცხოელი, დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა, წარედგინება სასამართლოს მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

„დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს სამი თვით“, - წერია ამავე მუხლის მე-5 პუნქტში, ხოლო თუ შსს-მ ვადა გაახანგრძლივა - მაქსიმუმ ცხრა თვით.

ვინ არის ლასლო მეზეში

ლასლო მეზეში ხშირად ჩანს თბილისში მიმდინარე საპროტესტო, პროევროპულ დემონსტრაციებზე.

2025 წლის სექტემბერში თბილისის მერ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებისას, ის ერთ-ერთი იყო, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი იყო უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკის მოწინააღმდეგე და მხარს უჭერდა პეტერ მადიარს, რომელმაც 2026 წლის გაზაფხულზე უნგრეთის არჩევნებში გაიმარჯვა.

  • 2024 წლის 29 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიქტორ ორბანი თბილისს ეწვია და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა, ლასლო მეზეში მას პროტესტით დახვდა.
  • „მივედი ჭიშკართან და დავუყვირე ბატონ ორბანს, ამაყი ხარ საკუთარი თავის, რომ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას ახდენ?“ - ამბობდა ის.
სრულად წაკითხვა