გუშინ, პირველ ივლისს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC) 62-ე სესიის ფარგლებში საქართველოს შესახებ განხილვა გაიმართა.
განხილვაზე ერთ-ერთი გამომსვლელი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ს წარმომადგენელი იყო, რომლის განცხადებითაც საქართველომ უნდა გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.
მისივე თქმით, ასევე უნდა გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაპატიმრებული პირები და ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პოლიციის ძალადობის დამოუკიდებელი გამოძიება და აღადგინოს უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის.
„Human Rights Watch მიესალმება მრავალრიცხოვან რეკომენდაციას, რომლებიც ეხება საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით გაღრმავებულ კრიზისს. მათ შორისაა მოწოდებები იმ კანონების გაუქმების შესახებ, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას, ასევე მოწოდებები მშვიდობიანი შეკრების დაცვის, პოლიციის მხრიდან ძალადობაზე პასუხისმგებლობის დაკისრების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ჟურნალისტებისა თუ უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის შესახებ.
ეს რეკომენდაციები პასუხობს 2024 წლიდან საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას. მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მასთან დაკავშირებულ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებთან მიმართებით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, შეზღუდვების შემცველი ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში და სხვა ზომები, რომლებიც აწესებს სტიგმის შემცველ იარლიყებს, სახელმწიფოს მხრიდან გადაჭარბებულ ზედამხედველობას, უცხოურ დაფინანსებაზე მთავრობის პირდაპირ კონტროლსა და მკაცრ სისხლისსამართლებრივ სასჯელებს შეუსრულებლობისთვის.
ამ ზომებმა აიძულა დამოუკიდებელი ორგანიზაციები, შეემცირებინათ ან შეეჩერებინათ საქმიანობა, გაეთავისუფლებინათ თანამშრომლები, უარი ეთქვათ დაფინანსებაზე, მიემართათ თვითცენზურისთვის და შეეწყვიტათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მიწოდება. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის ბრალდებით მიმდინარე ფართომასშტაბიანი სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, ხელისუფლებამ საბანკო ანგარიშები გაუყინა 12 სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას და მოითხოვა ვრცელი ინფორმაცია, მათ შორის, ბენეფიციარებისა და მესამე პირების შესახებ არსებული სენსიტიური პერსონალური მონაცემები.
პოლიციამ არაერთხელ გამოიყენა გადაჭარბებული ძალა ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობის საკითხი კვლავაც არ დამდგარა. მშვიდობიანი მომიტინგეები და ხელისუფლების კრიტიკოსები დაექვემდებარნენ თვითნებურ დაკავებებს, სისხლისსამართლებრივ დევნას, სოლიდურ ჯარიმებს, უსამართლო სასამართლო პროცესებსა და პატიმრობას.
ხელისუფლებამ ასევე შეასუსტა მედიის თავისუფლება და მიიღო დისკრიმინაციული ანტი-ლგბტ კანონმდებლობა. შესაბამისად, ღრმად შემაშფოთებელია, რომ საქართველომ მხოლოდ ცნობად მიიღო მრავალი ის რეკომენდაცია, რომელიც ამ კრიზისის მთავარ გამომწვევ მიზეზებს ეხება.
საქართველომ უნდა გადახედოს თავის პოზიციას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და ანგარიშების გაყინვა, გაათავისუფლოს საკუთარი უფლებების გამოყენების გამო უსამართლოდ დაპატიმრებული პირები, უზრუნველყოს პოლიციის ძალადობის დამოუკიდებელი გამოძიება და აღადგინოს უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის“, – განაცხადა Human Rights Watch-ს წარმომადგენელმა.
გუშინდელ განხილვაზე სიტყვით გამოვიდა პარტია „დროას“ წევრი, მარიკა მიქიაშვილი, რომელიც Liberal International-ის მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდა.
„საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით 2026 წელს არსებული ვითარება კატასტროფაზე ნაკლები ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ბოლო 18 თვის განმავლობაში მისი გაუარესების ტემპს, და იმ ფაქტს, რომ ახლა ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში.
ეს არის მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული და რეაგირების გარეშე დატოვებული ძალადობის შედეგი, ასევე ფართომასშტაბიანი, ხშირად გაუმართლებელი დრაკონული კანონმდებლობით განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობებისა და ოპონენტების ფინანსური მოგუდვის პირდაპირი შედეგი.
გასულმა თვეებმა გამოავლინა სარწმუნო ბრალდებები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ, ხოლო ეუთოს 2026 წლის მარტის მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში საუბარი იყო თითქმის სრულ დაუსჯელობაზე იმ დანაშაულების გამო, რომლებიც ხშირად კვეთდა წამების ზღვარსაც.
ფართოდ გავრცელებულმა უკანონო და არაადამიანურმა პრაქტიკამ, როგორიცაა დაკავებულების გაშიშვლება ან ადამიანების დაპატიმრება მხოლოდ ტროტუარზე პროტესტის გამო, დაღი დაასვა საქართველოს წლევანდელ რეალობას.
ახალი კანონპროექტი მალე დააწესებს კონტროლს სოციალურ მედიაზე და გაასამართლენს ადამიანებს ინტერნეტში გამოხატული განსხვავებული აზრის გამო.
Liberal International იმეორებს თავის 2025 წლის რეკომენდაციებს და ასევე აღნიშნავს, რომ გაერომ უნდა მიმართოს კოლექტიურ პოლიტიკურ ძალისხმევას, რაღა უზრუნველყოს შესაბამისობა საქართველოში არსებული ძალაუფლების მხრიდან“, – განაცხადა მარიკა მიქიაშვილმა.
გარდა გუშინდელი განხილვისა, დღეს, 2 ივლისს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC) 62-ე სესიაზე საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს მოისმენენ.
როგორც დღის წესრიგშია აღნიშნული, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს საქართველოზე ანგარიშის წარდგენა გასული წლის ოქტომბერში დაევალა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მიღებული რეზოლუციით.
საქართველოზე ანგარიშს წარადგენს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) გლობალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი, მაარიტ კოჰონენ შერიფი.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·