ევროკომისიის ურსულა ფონ დერ ლაიენი 1 ივლისს — აზერბაიჯანს, ხოლო 2 ივლისს სომხეთს ეწვევა.
ევროკომისიის ცნობით, ვიზიტი ოთხ პრიორიტეტზეა ფოკუსირებული:
- სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების შემდეგ;
- რეგიონის მასშტაბით და ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან კავშირის გაუმჯობესება;
- სამხრეთ კავკასიასთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება;
- სომხეთის მხარდაჭერა რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის წინაშე.
ვიზიტის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება. შეხვედრების შემდეგ, ორივე დედაქალაქში დაგეგმილია პრესკონფერენცია.
ევროკომისიის პრეზიდენტს ვიზიტის ფარგლებში თან ახლავს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი.
ევროკომისიის პრეზიდენტისა და გაფართოების ევროკომისრის სამხრეთ კავკასიური ვიზიტი არ მოიცავს საქართველოს.
ეს ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვიზიტი იქნება ერევანში ბოლო ორი თვის განმავლობაში. 4 ივნისს ევროკავშირმა, რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების პასუხად, სომხეთისთვის დახმარების პაკეტი გამოაცხადა.
12 ივნისიდან რუსეთმა შეზღუდა სომხეთიდან ყველა საკარანტინო პროდუქციის იმპორტი, ასევე რუსეთის ტერიტორიის გავლით მის ტრანზიტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებში.
მიუხედავად როსსელხოზნადზორის მტკიცებისა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკას არ უკავშირდება, სომხური პროდუქციის ხარისხის დაწუნება და იმპორტის შეზღუდვა სწორედ რუსეთსა და სომხეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობების დაძაბვის ფონზე დაიწყო. მოსკოვს მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებთან პოლიტიკური გამწვავების ფონზე არაერთხელ გამოუყენებია.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·