"უსაფრთხო და ძლიერი საქართველოსთვის" - - შაბათის მარში უკვე 33-ედ იმართება

4 hours ago 7

"უსაფრთხო და ძლიერი საქართველოსთვის" - ასეთია 1 აგვისტოს „შაბათის მარშის“ მთავარი გზავნილი პროევროპული აქციებისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლების უცვლელ მოთხოვნასთან ერთად.

ეს რიგით 33-ე მშვიდობიანი საპროტესტო მარშია, რომელიც უწყვეტი აქციის პარალელურად თბილისში ყოველ შაბათს იმართება.

,,ბოლო დღეებში მომხდარმა 17 წლის ბიჭის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოში უსაფრთხოების სერიოზული პრობლემებია. ნიკოლოზ ღუნაშვილისა და სხვა ახალგაზრდების ტრაგედიები ერთსა და იმავე კითხვას აჩენს: აკეთებს თუ არა სახელმწიფო ყველაფერს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად?” - ნათქვამია მარშის ორგანიზატორების განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, უკვე მეორე შაბათია მარში ავლაბრის მეტროდან იწყება და მსვლელობა პარლამენტამდე მიდის.

შაბათის მარშების პირველი თემა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდებოდა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ ობიექტურ გამოძიებას იმის დასადგენად, თუ რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ 2024-2025 წელს გამართულ ხალხმრავალ აქციებზე.

სხვადასხვა დროს აპროტესტებდნენ პოლიციელების მხრიდან ძალადობას თუ დაპატიმრებული კონკრეტული ადამიანების მიმართ მოპყრობას. პროტესტის მონაწილეები მხარს უჭერდნენ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს, როდესაც ისინი ხელისუფლებისგან წამალს ითხოვდნენ.

უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნის, 2028 წლის ბოლომდე.

სრულად წაკითხვა