მაკა ფსუტური გვიზიარებს ვეგანური ძეხვის რეცეპტს, რომელიც ოსპისგან მზადდება და ძალიან გემრიელია.
„სახლში მოვამზადეთ ვეგანური ძეხვი და რეცეპტს გაგიზიარებთ, ძალიან გემრიელი გამოვიდა.
მომზადება: ერთი ჭიქა ოსპი ჩაალბეთ 4-5 საათი. მერე გადაწურეთ, დაასხით 3 ჭიქა წყალი (იმავე ზომის ჭიქით), დააბლენდერეთ კარგად.
ჩაასხით მიღებული მასა ქვაბში და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ გასქელებამდე, სანამ ძალიან გასქელდება, დაამატეთ დაფქული (თვითონ თუ დაფქვავთ, უკეთესი იქნება) ქინძი, ილი, პაპრიკა, შავი პილპილი, სურნელოვანი პილპილი, ნიორი, მუსკატის კაკალი (გახეხეთ წმინდა სახეხზე), წითელი წიწაკა, მარილი (ყველაფერი გემოვნებით).
დაუმატეთ ცოტა ჭარხლის წვენი ფერისთვის, დაახლოებით 50 მლ ზეთი, მოურიეთ კარგად, რომ კარგად შეერიოს. კარგად რომ გასქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან. ცოტათი რომ გაგრილდება, ჩადეთ ფორმაში, გააცივეთ, შედგით მაცივარში.
მასას ფორმაში რომ ჩადებთ, ცელოფანი დააფარეთ, რომ თავი არ მოახმეს“, – რეცეპტი გამოქვეყნდა ფეისბუქჯგუფში ვეგანიზმი-Veganism.