პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციიდან წასვლის შემდეგ კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. შემთხვევა ორთაჭალაში მოხდა, სადაც საპატრულო ეკიპაჟმა ექიმის მანქანა გააჩერა.
"ტვ პირველთან" საუბარში ზოსიაშვილი ჰყვება, რომ პატრულმა იგი ზედაპირულად გაჩხრიკა, მისი სანათი "კანონსაწინააღმდეგო ნივთად" მიიჩნია და ახნსა-განმარტება დააწერინა.
"ეს ყველაფერი მართლაც კომიკური იყო. იძულებით გადმომიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ახნა-განმარტების გარეშე ჩამომართვეს ტელეფონი, ადვოკატთან ვსაუბრობდი იმ მომენტში და მოვასწარი თქმა, ამ და ამ მისამართზე გადავყავარ-მეთქი. არც მეკონტაქტებოდნენ მანქანაში. გადმომიყვანეს და ადგილზე გარეგანი დათვალიერება ჩამიტარეს. ჩამსვეს მანქანაში და დაიწყეს მოძრაობა. საბოლოოდ, ახსნა-განმარტება დამაწერინეს, როგორც კი სიუჟეტი გავიდა "ტვ პირველის" მეშვეობით. დამაწერინეს, სად ვიყავი, როგორ ვიყავი. ფანარი მქონდა, პირადი მოხმარებისთვის ვსარგებლობ ხოლმე, სიბნელეში, სადარბაზოში ასასვლელად... იქაც [აქციაზე] ვანათებდი ნაძვის ხეს, ე.წ. "იოლაჩკას". ჩამომართვეს, კანონსაწინააღმდეგო ნივთიაო. მე ვკითხე რატომ არისო? და გადაასხვანაირეს, არ არისო, მაგრამ მაინც რაღაც ინტერესი არისო. კარგით, წაიღეთ-მეთქი. გამოკითხის ოქმი უნდა შეგვედგინა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ესეც არ იყო საჭირო", - იხსენებს რამაზ ზოსიაშვილი.
რადიო თავისუფლება კომენტარისთვის დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში.