სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთ-თურქეთის რკინიგზა მაქსიმალურად სწრაფად გაიხსნება.
„არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანი აღნიშნულ თემას მთავრობის სხდომის მსვლელობისას შეეხო, როდესაც სომხეთიდან საექსპორტო საქონლის გეოგრაფიის დივერსიფიკაციასა და მიწოდების ახალი ჯაჭვების გაჩენაზე საუბრობდა.
„ამ პერიოდში ჩვენ ასევე გაგვიჩნდა სატრანსპორტო ახალი შესაძლებლობები – ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ორივე ხაზი მუშაობს. ამ თემაზე საუბარი მქონდა საქართველო პრემიერ-მინისტრთანაც და მანაც დამიდასტურა, რომ ორივე მიმართულებით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. თურქეთის პრეზიდენტთანაც ვისაუბრეთ ამ საკითხზე და მათაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს მიმართულებები ღიაა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სომხეთ-თურქეთის რკინიგზაც მაქსიმალურად სწრაფად გაიხსნება, აღარაფერს ვამბობ TRIPP-ის პროექტის განხორციელების ფარგლებზე, სადაც, რა თქმა უნდა, შესაძლებლობები არსებითად გაიზრდება“, – განაცხადა მან.
რუსეთის მხრიდან სომხური საქონლის იმპორტის აკრძალვის ან შეზღუდვების ფონზე, ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით ყოველთვის მუშაობდა და ამას შედეგი მოაქვს.
„ახლა ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ლოგისტიკური ცენტრების შექმნას, რათა, ვთქვათ, პომიდვრის მწარმოებლებმა შეძლონ ისეთი ფორმულის პოვნა, რომ გამოვიდნენ როგორც ერთიანი ექსპორტიორი. ხშირ შემთხვევაში, პროდუქციის ხარისხისა და მისი შესყიდვის მიმართ ინტერესი არსებობს, თუმცა, როდესაც საქმე მოცულობებზე მიდგება, ირკვევა, რომ ჩვენ მათთვის საინტერესო მოცულობის მხოლოდ ნაწილის წარმოება შეგვიძლია. ამის კომპენსირება შესაძლებელია კონსოლიდირებული მიწოდების განხორციელებით. არსებობენ მეგაქსელები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, თუმცა მცირე მოცულობა მათთვის პრობლემაა“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მას პირადი წერილითაც მისწერა, რომ ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და თავადაც დაეხმარებიან სომხურ სამეურნეო სუბიექტებს, რათა მათ პრობლემები არ შეექმნათ.
„საუბარია ვარდების ბაზარზე, ვინაიდან მახსოვს, გასულ ოქტომბერში, როდესაც სხვადასხვა ადგილებს ვსტუმრობდით, მუდმივად ვფიქრობდით იმაზე, თუ როგორ მოგვეხდინა ჩვენი ვარდების ინდუსტრიის კონსოლიდაცია, რათა ჰოლანდიურ ბაზრებზე წვდომა გამხდარიყო შესაძლებელი. მაგრამ, როგორც იტყვიან, შაბათი კვირაზე ადრე მოვიდა და ახლა ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა”.

6 days ago
12







English (US) ·
Georgian (GE) ·