ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმი

1 hour ago 2

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრისას განიხილეს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ფაშინიანმა განმარტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი ევროკავშირში წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს წარადგენს და ეს საკითხი კონკრეტულ, პრაქტიკულ ეტაპზე გადავა.

ამასთან, ფაშინიანმა უთხრა, რომ სომხეთის მთავრობა მზად არის აღნიშნული საკითხები ღია, პარტნიორული და მეგობრული დიალოგის გზით განიხილოს და მოაგვაროს.

სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება ბოლო პერიოდში, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში ერთ-ერთ მთავარ სადავო თემად იქცა. 2025 წელს სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, რაც არ ნიშნავს წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანას. ამის საპასუხოდ მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეუთავსებელია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ЕАЭС) წევრობასთან და გააფრთხილა ერევანი შესაძლო ეკონომიკური შედეგების შესახებ. ბოლო პერიოდში რუსეთმა ასევე გაამკაცრა კონტროლი სომხური პროდუქციის იმპორტზე, რაც ერევანში პოლიტიკურად მოტივირებულ ნაბიჯად აღიქვეს, ხოლო რუსეთის მხარე ამ შეზღუდვებს ტექნიკური და სანიტარული მოთხოვნებით ხსნის.

სრულად წაკითხვა