ფაშისტურ-ნაცისტური მოტივის დანაშაულებში ბრალდებული 8 პირი დამნაშავედ ცნეს, მათ შორის 5 არასრულწლოვანია

4 hours ago 4

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მასში მონაწილეობის და ჯგუფური ძარცვის ფაქტებზე რვა პირი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ უწევდნენ ორგანიზებას ძალადობას, რომელშიც თავადვე მონაწილეობდნენ. აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ასევე, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ამსახველ ვიდეოებს იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ. რიგ შემთხვევაში მსხვერპლებს ასევე ართმევდნენ პირად ნივთებს“, — აცხადებს პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება, ორი ეპიზოდი), 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამი ეპიზოდი) და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

სასამართლომ ორ სრულწლოვან ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 14-14 წლით პატიმრობა განუსაზღვრა, ხოლო ერთს — 8 წლით. არასრულწლოვან ბრალდებულებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე დანიშნული სასჯელები შეუმცირდათ და საბოლოოდ, ერთ არასრულწლოვანს — 10 წლითა და 6 თვით, ორ არასრულწლოვანს — 9 წლითა და 4 თვით, ერთ არასრულწლოვანს — 6 წლით და ერთ არასრულწლოვანს 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სრულად წაკითხვა