ფიბამ ოფიციალურად გაასაჯაროვა მსაჯთა სია, რომლებიც საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის გადამწყვეტ დაპირისპირებას მოემსახურებიან ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში. შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს — გამარჯვებული მერვედფინალში გავა, ამიტომ არბიტრების გადაწყვეტილებები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.
საქართველოს მატჩს მსაჯობენ:
მეტიუ ლი კალიო (კანადა),
გვიდას გედვილასი (ლიეტუვა),
ვენცისლავ ველიკოვი (ბულგარეთი).
დელეგატის როლში კი ბრიტანელი მარტინ ფორდი იქნება.
საინტერესოა, რომ სამივე არბიტრს უკვე უმუშავია საქართველოს შეხვედრებზე მიმდინარე ტურნირზე: კალიომ ესპანეთთან და იტალიასთან იმსაჯა, გედვილასმა — კვიპროსთან, ველიკოვმა კი — საბერძნეთთან. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იტალიასთან მატჩი, როდესაც კალიოს ხელმძღვანელობით მსაჯებმა რამდენიმე გადაწყვეტილებით ქართველთა უკმაყოფილება გამოიწვიეს. თორნიკე შენგელიას ემოციების კონტროლი ვეღარ შეძლო და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მოედნიდან გააძევეს.
ამჯერად გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ არბიტრები მატჩის მთავარ ფიგურებად არ იქცევიან და შედეგს მხოლოდ გუნდის ძლიერი თუ სუსტი მხარეები განსაზღვრავს.
შეხვედრა ლიმასოლში დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში პირდაპირ მერვედფინალში გავა, თუმცა არსებობს თეორიული შანსიც — თუ ჩვენი გუნდი დამარცხდება, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საბერძნეთმა ესპანეთი უნდა დაამარცხოს.