ფილიპინებში ახალი ციხე გახსნეს კორუმპირებული მაღალჩინოსნებისათვის

7 hours ago 7

ორშაბათს ფილიპინებში გაიხსნა ახალი ციხე, რომელშიც შესაძლოა განთავსდნენ მრავალი გავლენიანი კანონმდებელი, მაღალჩინოსანი და სხვა პირები, რომლებიც წყალდიდობის კონტროლის პროექტებთან დაკავშირებულ მასშტაბურ კორუფციულ სკანდალში არიან ჩართულნი.

ციხე, რომელშიც 800-მდე პატიმრის განთავსებაა შესაძლებელი, მედიას შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯონვიკ რემულამ წარუდგინა. ეს პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსის ადმინისტრაციის მორიგი მცდელობაა, პასუხი გასცეს კორუფციული სკანდალის გამო აღშფოთებულ საზოგადოებას.

ფილიპინების კონგრესის ათობით წევრი, სამთავრობო ინჟინერი, სამშენებლო კომპანიის მფლობელი და კიდევ 200-მდე თანამდებობის პირია ეჭვმიტანილი მილიარდობით დოლარის მითვისებაში. ფილიპინებში, სადაც წყალდიდობების რისკი მაღალია, ამან ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია.

რემულამ პირობა დადო, რომ ეჭვმიტანილებს, რომელთა შორის შეიძლება იყვნენ სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი და მოქმედი წევრები, არ მიეცემათ VIP სტატუსი, როგორც ეს წარსულში ხდებოდა დანაშაულში მსჯავრდადებული პოლიტიკოსების შემთხვევაში.

ციხე შედგება 80 საკნისგან, რომელთაგან თითოეულში 10 პატიმრის განთავსებაა შესაძლებელი. კამერებშია ორსართულიანი საწოლები, საერთო აბაზანა, ტუალეტი, შხაპი და სასმელი წყალი. სხვა ციხეების მსგავსად, აკრძალულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობები.

„ციხის იგივე წესები გავრცელდება როგორც მდიდრებზე, ასევე ღარიბებზე“, - თქვა რემულამ.

მარკოსმა წყალდიდობის კონტროლის პროექტებთან დაკავშირებული შესაძლო მასიური კორუფციის შესახებ პირველად ივლისში, კონგრესის წინაშე გამოსვლისას ილაპარაკა. მოგვიანებით მან შექმნა დამოუკიდებელი კომისია, რომელიც იძიებს პოტენციურ დარღვევებს წყალდიდობის კონტროლის პროექტებში, რომელთა საერთო ღირებულება 545 მილიარდ პესოს (9,5 მილიარდი დოლარი) აღემატება და რომლებიც მარკოსის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ, 2022 წლის შუა პერიოდში უნდა განხორციელებულიყო.

სრულად წაკითხვა