UEFA-ს სუპერთასის შეხვედრის შემდეგ ფრანგულმა პრესამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე უარყოფითი შეფასებები გააკეთა. გამოცემა Foot Mercato-ს მიხედვით, ქართველი ვინგერი მარჯვენა ფლანგზე შეუმჩნეველი იყო და ვერ მოახერხა თამაშზე გავლენის მოხდენა: „კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა ინდივიდუალური ტექნიკა – არ ჩანდა დრიბლინგი, მოტყუებები ან სახიფათო სვლები. ტოტენჰემის მცველებისთვის, განსაკუთრებით კი სპენსისთვის, ეს მარტივი ამოცანა აღმოჩნდა.“
კრიტიკას შეუერთდა L'Équipe-იც, რომლის თქმით, ქართველის თამაში ენერგიის ნაკლებობას ჰგავდა: „მისი მოქმედებები სეზონისწინა მსუბუქ ვარჯიშს უფრო წააგავდა, ვიდრე მაღალი დონის ფინალს. აქტიურობა დაბალი იყო, საშიში მომენტები არ შეუქმნია, ხოლო პსჟ-ს ერთადერთი გამართული კომბინაციის დასრულებისას მისი დარტყმა ტოტენჰემის მცველებმა ჩაშალეს.“
ფრანგული გამოცემების შეფასებით, პრობლემა მხოლოდ პოზიციაში არ იყო – მათი აზრით, კვარაცხელიამ ამ შეხვედრის ტემპსა და დონეს შესაბამისი ფორმა ვერ აჩვენა.