აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა საბოლოო მოსმენით მიიღეს “აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ” კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იმ პირთა რეესტრის გამოქვეყნებაა, რომლებმაც მიიღეს აფხაზეთის მოქალაქეობა და ასევე, ამას დაემატება ფიცის დადებაც.
“მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღება კანონპროექტი “აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ” აფხაზეთის რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,” – ნათქვამია დე ფაქტო პარლამენტის დადგენილებაში.
როგორც კანონპროექტის წარმდგენმა დეპუტატმა, დიმიტრი მარშანიამ აღნიშნა, საუბარია რეესტრზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აფხაზეთის მოქალაქეობის მიმღებ ყველა პირზე.
“ეს გვაძლევს საშუალებას გვქონდეს გარკვეული პიროვნებების მოქალაქეებად მიღების მონაცემები და საფუძვლები, ეს მოხსნის ბევრ კითხვას. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ იმაზე, რომ აფხაზეთის მოქალაქეობის მიმღებმა პირებმა უნდა დადონ ფიცი აფხაზურ ენაზე პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილ ორგანოში,” – განაცხადა მარშანიამ.
ახალი კანონი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ძალაში 2025 წლის პირველ მაისს შევა.
“საზოგადოებაში ხშირად დადის ხმები, რომ აფხაზეთის მოქალაქეობა ხალხს უბრალოდ ურიგდება [უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს]. რეესტრში მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ასეთი ჭორები აღარ იარსებებს,” – განაცხადა აფხაზმა დეპუტატმა დაუთ ხუტაბამ.