ფოთელმა მასწავლებელმა, რომელიც კადრების გავრცელების შემდეგ გაათავისუფლეს, სასამართლო მოიგო - ადვოკატი

2 hours ago 2

ფოთის N15 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების ყოფილმა მასწავლებელმა, იგორ კეკელიამ სასამართლო მოიგო - მასწავლებლის უფლებებს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი იცავდა.

18-წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე იგორ კეკელია გასული წლის 30 დეკემბერს სკოლიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ინტერნეტში, სავარაუდოდ, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.

პედაგოგი რადიო თავისუფლებას უყვებოდა, რომ ამ ფაქტის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ მას სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, თუმცა როცა უარი მიიღეს, დისციპლინურმა კომიტეტმა და დირექციამ მას მოსწავლეებზე ძალადობა დააბრალეს. საბოლოოდ, ის სამსახურიდან ამ საბაბით გაათავისუფლეს

ადვოკატის ცნობით, სასამართლომ რამდენიმე გადწყვეტილება მიიღო:

  • უკანონოდ ცნო სკოლის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება;
  • სკოლას დაევალა იგორ კეკელიასთვის ყოველთვიური განაცდურის ანაზღაურება;
  • იმის გამო, რომ სკოლამ იგორ კეკელიას თანამდებობაზე სხვა ადამიანი დაასაქმა, „მისი სკოლაში დაბრუნება გამოიწვევდა სხვა მასწავლებლის განთავისუფლებას, რაზეც არაერთხელ თქვა უარი იგორ კეკელიამ. ამიტომ, სასამართლომ დამატებითი კომპენსაციაც განსაზღვრა - რამდენიმე ათასი ლარის ოდენობით“.

„სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რა მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების სტერეოტიპულმა დამოკიდებულებამ ფაქტებისა და ადამიანის მიმართ.

იმედს ვიტოვებთ, რომ იგორ კეკელია იქნება ბოლო ადამიანი, ვისაც მსგავსი ტრაგედიის გავლა მოუწევს“, - წერს მიგინეიშვილი „ფეისბუკში“.

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება

გასული წლის 10 დეკემბერს, იგორ კეკელიას ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, გავრცელდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ამის შესახებ პოლიციას ანონიმურმა წყარომ შეატყობინაო.

იგორ კეკელია იმავე დღეს გამოჰკითხეს მოწმის სტატუსით, საქმე კი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

კადრების სავარაუდო გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, 6 დეკემბერს, იგორ კეკელიას უცნობი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

16 იანვარს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა.

სრულად წაკითხვა