,,ფოტოზე ჩემი 16 წლის ძმაა… გუშინ დააკავეს და გდდ მას ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე გაძარცვა“ – სალომე ნატროშვილი

3 hours ago 2

დაკავებული ნიკოლოზ ნატროშვილის და, სალომე ნატროშვილი:

,,ფოტოზე ჩემი 16 წლის ძმაა. 16 წლის და არა – 26-ის ან 36-ია. გუშინ ჩემი 16 წლის ძმა დააკავეს და გდდ მას ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე გაძარცვა.

ჩემი ძმა როგორია ბევრისთვის საინტერესო იქნება – მას აქვს გამორჩეული ტექნოლოგიური ცნობიერება და ძალიან მაღალი სამოქალაქო კულტურა, ის ეხმარება არაერთ ფონდს.

მას აქვს გამორჩეული ნიჭი და ისეთი უნარები, რომლის მოსაზიდადაც განვითარებული ქვეყნები დიდ რესურსს ხარჯავენ.

რაც შეეხება მის ადამიანურ თვისებებს, ბავშვობიდან მკურნალობს დაშავებულ ცხოველებს და ფრინველებს, ზღარბებს, კუებს, ბაყაყებს. ჰყავს ძაღლი, რომელიც პატრონმა თხრილში ჩააგდო, ეს ჯერ აჭმევდა და მერე გარეთ რომ დასახლდა მასთან ერთად, მშობლებმა სახლში მიყვანის უფლება მისცეს. უმეტესად არ ტოვებს. ახალ წელს კი მასთან ერთად ხვდება, პიროტექნიკამ რომ არ დააფრთხოს.

შესანიშნავად ერკვევა მიკრო და მაკრო ეკონომიკაში, ადამიანის უფლებებში, აფრიკის კონტინენტზე არსებულ კონფლიქტებში, მდგრადი განვითარების ინდიკატორებში.

წარმოიდგინეთ?

არ უნდა გაგიჭირდეთ, თქვენც გეყოლებათ ამ ხნის შვილები, დები, ძმები.

ნიკოლოზი თაობაში გამორჩეული, უწესიერესი, უპატიოსნესი და შეუპოვარი მამის შვილია, რომლისგანაც არამარტო ჩვენ, თაობებმა ისწავლეს სამშობლოს სიყვარული.

ჩვენთვის უცხოა საკუთარი თავების დატირება და საერთოდ არ ვცნობთ აზროვნების იმ ფორმას, რომელიც ჩაგვრის (სხვისი თუ ჩვენივე) მიმართ ლოიალობას გულისხმობს.

დროებითია ძალაუფლება.

სიტყვაა მუდმივი – პირველიც, ბოლოც და უთქმელიც.

სოლიდარობა ყველა უსამართლოდ დევნილს, მსჯავრდებულს, დაკავებულს!

სოლიდარობა მოშიმშილეებს!

სოლიდარობა მიზანში ამოღებულ თავისუფალ, პატრიოტ, კეთილსინდისიერ ადამიანებს ყველგან, სადაც იდევნებიან!

ფოტოზე: სინათლე და სიბნელე”

სრულად წაკითხვა