საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციამ (FIBA) ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი ოთხი საფეხურით დაწინაურდა და ახლა უკვე მე-20 ადგილზეა.
წარმატება უშუალოდ უკავშირდება ახლახან დასრულებულ ევრობასკეტს, სადაც საქართველომ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. "ჯვაროსნებმა“ მეოთხედფინალში ითამაშეს და ევროპის რვა საუკეთესო ნაკრებს შორის გავიდნენ — ეს მიღწევა ქართული კალათბურთის ქრონიკებში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.
ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზევე მოახერხა ტურნირის სენსაცია — მოქმედი ევროპის ჩემპიონის, ესპანეთის დამარცხება. მერვედფინალში კი ქართველებმა კიდევ ერთი გრანდი, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი ბრძოლაში ჩამოიცილეს. სწორედ ამ გამარჯვებებმა გახადა რეალური საქართველოსთვის ტოპ-20-ში გადასვლა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რა ძალას წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე.
რაც შეეხება რეიტინგის ლიდერებს, პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, მეორე პოზიციას ევრობასკეტის ჩემპიონი გერმანია იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე სერბეთის ეროვნული გუნდი დამკვიდრდა.