ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა.
„მათთვის, ვინც არ იცის, ქართულ საზოგადოებაში სახელი შოთა უკავშირდება შოთა რუსთაველს, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პოეტს, რომლის პოეზიაზეც მე, სხვადასხვა გარემოების გამო, გავიზარდე“, - თქვა ისრაელის პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ცერემონიაზე აღნიშნეს, რომ მუსაევმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Flydubai-ს რეისის 174 მგზავრის სიცოცხლის გადარჩენაში - თავდამსხმელის შესაკავებლად სხვა მგზავრებს დახმარება გაუწია, შემდეგ კი მძიმედ დაჭრილ კაპიტანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.
მუსაევმა კაპიტანს ძლიერი სისხლდენა შეუჩერა და თვითმფრინავის დაშვებამდე მასთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებდა, რათა მისი მდგომარეობა დაესტაბილურებინა.
ჯილდო კიდევ ხუთ ადამიანს გადაეცა, რომლებმაც ინციდენტის დროს თვითმფრინავისა და მგზავრების გადარჩენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
30 სექტემბერს დუბაი-თელ-ავივის რეისზე თვითმფრინავში მეორე პილოტი კაპიტანს თავს დაესხა და, ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა. მგზავრებმა თავდამსხმელი შეაკავეს, თვითმფრინავი კი საუდის არაბეთში, ქალაქ ტაბუკში ავარიულად დაეშვა.
radiotavisupleba ახალი ამბები