ქართველი ემიგრანტი აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) საპატიმროში გარდაიცვალა.
ICE-ს განცხადებით, 43 წლის მამუკა ართმელაძე 4 ივნისს, ლუიზიანაში, უინის სასჯელაღსრულების ცენტრში გარდაიცვალა.
შეტყობინებაში ICE-ის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ართმელაძე უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
“ართმელაძე 22:37 საათზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. უინის სასჯელაღსრულების ცენტრის პერსონალმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა და სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი ზომების მიღება დაიწყო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ართმელაძე დამატებითი სამედიცინო მკურნალობისთვის უინის ოლქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. სამედიცინო ცენტრში მიყვანისთანავე, პერსონალმა განაგრძო რეანიმაციული ღონისძიებები. სიცოცხლის გადარჩენის მცდელობების მიუხედავად, დაახლოებით 23:22 საათზე, უინის ოლქის სამედიცინო ცენტრის ადგილობრივმა ექიმმა ართმელაძე გარდაცვლილად გამოაცხადა. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზის დასადგენად ამჟამად გაკვეთა მიმდინარეობს”, – აცხადებს ICE.
ICE-მ განაცხადა, რომ ართმელაძე თებერვალში, ახალ ორლეანში დააკავეს.
“ICE-მ იგი დააკავა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ მას შეერთებულ შტატებში დარჩენის კანონიერი სტატუსი არ ჰქონდა”, – აცხადებს სააგენტო.
ABC News-ის თანახმად ქართველი რიგით 50-ე ემიგრანტია, რომელიც ტრამპის მეორე ადმინისტრაციის დროს ICE-ს პატიმრობაში გარდაიცვალა.
“ICE-ის საპატიმროებში გარდაცვალების შემთხვევების ზრდა ხდება კანონმდებლებისა და იმიგრანტთა უფლებადამცველების მხრიდან დაკვირვების ფონზე, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მიმდინარე საიმიგრაციო რეპრესიების დროს საპატიმრო ცენტრებში არსებულ პირობებს უკავშირდება”.
გასულ კვირას, ICE-მ გააუქმა პოლიტიკა, რომელიც სააგენტოსგან მოითხოვდა ყოფილი დაკავებულების გარდაცვალების შესახებ ანგარიშგებას, თუ ეს ფედერალური პატიმრობიდან მათი გათავისუფლებიდან 30 დღის განმავლობაში მოხდებოდა.

1 week ago
16







English (US) ·
Georgian (GE) ·