საქართველოში არსებული დამოუკიდებელი ორგანიზაციები და ასოციაციები ღია წერილით მიმართავენ საერთაშორისო კინოფესტივალების, წიგნის ბაზრობების, საგამოფენო სივრცეების, მუზეუმების, მემორიალური და საარქივო-კვლევითი ინსტიტუციების, თეატრალური, მუსიკალური და სხვა სახელოვნებო ღონისძიებების ორგანიზატორებს, დირექტორებს, კურატორებს, პროგრამერებსა და მონაწილეებს – ნუ გახდებიან საქართველოში არსებულ რეპრესიული მმართველობის ნორმალიზაციისა და პროპაგანდის ნაწილი.
ღია წერილს ხელს აწერენ: საქართველოს კინო ინსტიტუტი; დოკა – დოკუმენტური კინოს ასოციაცია; საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია; პენ – საქართველო; თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი; ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი; კულტურა დემოკრატიისთვის; საზოგადოებრივი ასამბლეის კულტურული მემკვიდრეობის ჯგუფი; „ქოლგა თბილისი ფოტო“; თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და საქართველოს ხელოვნების კრიტიკოსთა ასოციაცია.
ღია წერილში ნათქვამია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კულტურული ინსტიტუციები მხოლოდ მათთვის ხელსაყრელ რეალობას წარმოაჩენენ და ქმნიან ილუზიას, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, მაშინ როცა მსოფლიოს არ აჩვენებენ პოლიტპატიმრებს, ნაცემ დემონსტრანტებს, დევნილ ჟურნალისტებს, გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს ან რეპრესირებულ ხელოვანებს.
„ისტორია არაერთხელ გვიჩვენებს, რომ ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმები კულტურას საერთაშორისო ლეგიტიმაციის ინსტრუმენტად იყენებენ, მაშინ როდესაც საკუთარ ქვეყნებში განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს, ხელოვანებსა და ჟურნალისტებს აპატიმრებენ, აწამებენ ან აიძულებენ ემიგრაციაში წავიდნენ.
კულტურული ღონისძიებების არსებობა და ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლობა საერთაშორისო კულტურულ პლატფორმებზე თავისთავად არასოდეს არის თავისუფლებისა და დემოკრატიის მტკიცებულება. ამ სტრატეგიის მიზანი მარტივია: შეიქმნას პარალელური რეალობა, სადაც რეპრესია უხილავი ხდება.
დღეს სწორედ ამ საფრთხის წინაშე დგას საქართველო.
დღეს საქართველოში 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფება პატიმრობაში პოლიტიკურად მოტივირებული და არასამართლიანი სამართალწარმოების შედეგად, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით. მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, პოეტი ზვიად რატიანი, ოპერის მსოფლიო ვარსკვლავი პაატა ბურჭულაძე, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ასევე პოლიტიკური ლიდერები.
მათი დიდი ნაწილი მონაწილეობდა მშვიდობიან პროტესტში საქართველოს ევროპული მომავლისა და დემოკრატიული ღირებულებების
დასაცავად.
ამ რეალობის ფონზე კვლავ იმართება ფესტივალები, კონფერენციები და საერთაშორისო კულტურული ღონისძიებები. იგზავნება მოწვევები. კულტურის სახელმწიფო ინსტიტუციები კვლავ ჩნდებიან საერთაშორისო სახელოვნებო პლატფორმებზე, სადაც საგულდაგულოდ ნიღბავენ რეპრესირებული ხელოვანებისა და მოქალაქეების რეალურ მდგომარეობას. იქმნება შთაბეჭდილება,
რომ კულტურული ცხოვრება ჩვეულ რიტმს მიჰყვება.
სწორედ აქ ჩნდება პირადი პასუხისმგებლობის საკითხი.
ყველა ადამიანს, რომელსაც ასეთ ღონისძიებაზე იწვევენ, აქვს არჩევანი. დათანხმდეს. უარი თქვას. ან დასვას კითხვები.
ყველა ინსტიტუციას, რომელიც ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების, როგორიცაა სიტყვისა და შემოქმედების თავისუფლება, ადამიანის უფლებები, და მასპინძლობს ოფიციალურ სახელმწიფო დელეგაციას ან წარმომადგენლობას, ეკისრება პასუხისმგებლობა, დასვას კითხვები და დაინტერესდეს იმ ხელოვანებისა და მოქალაქეების მდგომარეობით, რომელთა სახელითაც ეს წარმომადგენლობა
საუბრობს.
არცოდნა პასუხისმგებლობას არ აუქმებს.
ინფორმაციის გადამოწმება არასოდეს ყოფილა ისეთი მარტივი, როგორც დღეს.
სანამ ასეთ პროექტში, თანამშრომლობაში ან ღონისძიებაში მონაწილეობას დათანხმდებით, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვით: რა ხდება დღეს იმ ქვეყანაში, რომლის სახელმწიფო კულტურულ ინსტიტუციასთან ვთანამშრომლობ?
მონაწილეობენ თუ არა დამოუკიდებელი ხელოვანები, ჟურნალისტები, ისმის თუ არა კრიტიკული ხმები, თუ მხოლოდ ხელისუფლებისთვის მისაღები პოზიციებია წარმოდგენილი?
შეიძლება თუ არა, რომ ჩემი მონაწილეობა და თანამშრომლობა, განზრახვის მიუხედავად, ავტორიტარული რეჟიმის ლეგიტიმაციასა და მის მიერ შექმნილ „ნორმალურობის“ ილუზიის განმტკიცებას ემსახურებოდეს?
ვის აძლევს ეს თანამშრომლობა ხილვადობას, დამოუკიდებელ კულტურულ საზოგადოებას თუ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ ინსტიტუციებს? მოგიწოდებთ, დასვათ კითხვები. არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ იმ რეალობით, რომლის ჩვენებაც ხელისუფლებას აწყობს.
ხელოვნების დანიშნულება ძალაუფლების გაფორმება არ არის.
ხელოვნება არსებობს იმისთვის, რომ სიმართლე გამოაჩინოს და არა იმისთვის, რომ მიჩქმალოს. და როდესაც ხელოვნება რეალობის დამალვას იწყებს, იგი ხელოვნებიდან პროპაგანდად გადაიქცევა.
ამიტომ მოგმართავთ თქვენ, ჩვენი წერილის ადრესატებს: ნუ გახდებით იმ ნორმალიზაციისა და პროპაგანდის ნაწილი, რომელიც ჩაგვრას ფარავს. ნუ მისცემთ თქვენს სახელს, ავტორიტეტსა და რეპუტაციას რეალობის დამალვის პროცესს.
თუ კულტურული ღონისძიება, პროექტი ან თანამშრომლობა სისტემატურად დუმს რეპრესიაზე, ფარავს უსამართლობას და ქმნის ილუზიას, რომ ყველაფერი რიგზეა, იგი, განზრახ თუ უნებლიედ, ჩაგვრის ნორმალიზაციას ემსახურება. და ისტორია ასეთ თანამონაწილეობას არასოდეს ივიწყებს“ – ვკითხულობთ ღია წერილში.
ღია წერილის სრული ტექსტი ნახეთ აქ.

59 minutes ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·