„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნებთ საგრანტო პროგრამას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“ – ირაკლი კობახიძე

1 month ago 25

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამა დააფუძნოს, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დღევანდელ ბრიფინგზე განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება რამდენიმე დღის წინ [2 სექტემბერს – რედ.] დასრულდა და რეესტრში 450-ზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. მინდა, საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია. ლოგიკურია, რომ რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი აქტიური ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე მიმდინარეობდა, ამიტომ გადაწყვიტა მთავრობამ, დააფუძნოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც „ენჯეოები“, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები. მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ. ამ ფონზე და, ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი ორი თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება და საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე  იქნება.

„საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთიორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ. … საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს, იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებას მალევე კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო არასდროს მისცემს გრანტს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მას აკრიტიკებენ და მთავრობის ახალი ინიციატივა  „რუსული კანონის“ გაგრძელებაა.

„ეს არის, ჩვენი შეფასებით, „რუსული კანონის“ გაგრძელება. „რუსული კანონის“ მთავარი მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხება, მათი სტიგმატიზება და, საბოლოოდ, ასეთი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის დასრულება ამ ქვეყანაში. ერთი მხრივ, ეს კანონი შემზღუდველ ეფექტს ატარებს, დისკრიმინაციული რეგულაციებია, კონსტიტუციასთან შეუსაბამო. მეორე მხრივ, თითქოს შესაძლებლობის გაჩენაა, რომ ეს ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან, ეს კიდევ ერთხელ არის ამ სტიგმის გამაძლიერებელი“, – განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ.

მისივე თქმით, ამით ხელისუფლებას იმის ჩვენება უნდა, თითქოს საერთაშორისო ფონდებიდან, სხვა ქვეყნის დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული თანხით არ კეთდება სახელმწიფო საქმე. … სინამდვილეში, ჩვენი საქმიანობა, რომელიც, მათ შორის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ აქვს, უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვას, ჩვენი საზოგადოების ინტერესების გატარებას. როდესაც „რუსული კანონის“ მიღების პირობებში ასეთი რისკების ქვეშ დგანან არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიები, ასეთი ფონდის შექმნა ერთმანეთთან თავსებადი არ არის.  ამ კონტექსტსა და ვითარებაში ასეთი განცხადება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ „რუსული კანონის“ ეფექტი გააძლიეროს, მოუწოდოს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე არ დაემორჩილნენ ამ კანონს, მათ შორის, ჩვენც, რომ გარკვეულწილად რაღაც ბენეფიტი დავინახოთ. ღირსებაზე როდესაც ვლაპარაკობთ და ვამბობთ, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდით, რადგან ღირსების შემლახველია ამ რეესტრში რეგისტრაცია, ამის სანაცვლო ვერ იქნება ვერანაირი ფონდი, რომელიც რაიმე დაფინანსებას მისცემს საზოგადოებას“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება არასდროს მისცემს დაფინანსებას კრიტიკულ ორგანიზაციებს, რომლებიც მისი მაკონტროლებლები არიან.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებას არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვად აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.

„ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვა მოქალაქეების ფულით. უცხოეთიდან ასეულობით მილიონი არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტებია, არამედ ის, რაც ბიზნესს ემსახურებოდა და შეღავათიანი კრედიტები იყო. ხელისუფლებამ ღალატი ჩაიდინა, რაც უკვე ეკონომიკურ მხარეზეც აისახება, როცა პარტნიორების მხრიდან დახმარებები შეწყდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებას არასამთავრობოების გაუქმებისკენ გადადგმულ „ბრწყინვალე ნაბიჯად“ აფასებს „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია.

„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გრანტს მთავრობა უხდის, სამთავრობო ორგანიზაციები არიან. ანუ თავისი შინაარსით არასამთავრობო ვერ იქნება. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებისკენ გადადგმული ბრწყინვალე ნაბიჯია, ოღონდ ამჯერად მათი მოსყიდვის გზით“, – აცხადებს ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.

თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს. ასეთ ორგანიზაციებს 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრება.

კანონი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა უკვე გაიმართა – საწყის ეტაპზე სასამართლომ უნდა გამოაცხადოს, შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე.

როგორც ცნობილია, კანონის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგე ორგანიზაციამ – მოძრაობა „სირცხვილიამ“ 30 აგვისტოს, საღამოს გაავრცელა ვიდეო და განაცხადა, რომ „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ რეგისტრირდებოდა.

მეორე დღეს, 31 აგვისტოს მოძრაობა „სირცხვილიამ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ აუქმებს რეგისტრაციის გადაწყვეტილებას, ამასთანავე, „სირცხვილიას“ დირექტორმა გიორგი მჟავანაძემ თანამდებობა დატოვა. ამასთან, ორგანიზაციამ წაშალა წინა დღით გავრცელებული ვიდეოც, რომელშიც განმარტავდა, თუ რატომ რეგისტრირდებოდა რეესტრში.

სრულად წაკითხვა